ამ ნიჭიერი პროფესიონალის წყალობით საქართველოთი და ჩვენი ეთნომუსიკით არაერთი უცხოელი დაინტერესდა. მის მოსწავლეებს შორის სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხია. ზოგიერთმა უცხოელმა ქართული ფოლკლორის სიყვარულით პროფესიაც კი შეიცვალა. ისინი არა მარტო ამღერდნენ ქართულად, ზოგი მათგანი ჩვენი უძველესი სასიმღერო ფოლკლორის სერიოზული კვლევითაც დაკავდა.
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მისი საქმიანობა სახელმწიფო რანგშიც შეიძლება განვიხილოთ, რადგან ასეთი სახალხო დესპანების წყალობით საქართველო მსოფლიოში ბევრ გულშემატკივარს იძენს...
- ქალბატონო ნანა, ისეთ ტრადიციულად მუსიკალურ ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ, შეუძლებელია მუსიკოსი არ ან ვერ გამოსულიყავით...
- დიახ, მუსიკალურ ოჯახში დავიბადე, ჩემი დიდი ბაბუა გრიგოლ მჟავანაძე გურული სიმღერის დიდოსტატი იყო. მის მეუღლეს, ჩემს დიდ ბებიას მარიამ (მარო) ჭყონიას, რომელსაც უფაქიზესი სმენა და ხმა ჰქონდა, მეტსახელად „ბულბულს“ ეძახდნენ. ძალიან კარგად მახსოვს, რომ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო: მღეროდა, ცეკვავდა და სხვადასხვა საკრავზეც უკრავდა. ამბობენ, წიკო-წიკოს ისეთი ოსტატობით ფლობდა, რომ დაკვრისას მთელ სამეზობლოს ააცეკვებდაო. სტუდენტობისას, როცა პირველი მუსიკალური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგემ გაიგო ვისი ძმისშვილი ვიყავი, ბიძაჩემზე რებული მჟავანაძეზე მითხრა, გაუგონარი, ანეკდოტური სმენის პატრონიაო (ისინი თანაკურსელები ყოფილან). მიმაჩნია, რომ მუსიკოსად ჩემ ჩამოყალიბებაში მისი წვლილი უზარმაზარია. იშვიათად შემხვედრია ასეთი ფაქიზი მუსიკოსი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის განსაკუთრებულ სმენაზე.
- თქვენი ბავშვობა მთლიანად მუსიკასთან ასოცირდება და ალბათ ასეთი ბებია-ბაბუა თავისუფლად შეგიცვლიდნენ მუსიკის მასწავლებლებს, ასეა?
- ჩემი ბავშვობა მუსიკასთან ასოცირდება ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით, საერთოდ, ხარისხიან მუსიკაზე გავიზარდე და ამას, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს ვუმადლი. მუსიკასთან ზოგჯერ თამაშიც კი იყო დაკავშირებული. მახსოვს, ბებია-ბაბუა შუაში ჩამიწვენდნენ და წამოიწყებდნენ რაიმე სიმღერას ორ ხმაში. ამ დროს მე მესამე ხმისთვის უნდა მიმეგნო. შუა სიმღერისას უცებ ჩაანაცვლებდნენ ხმებს და მე გამოტოვებული ხმა უნდა შემევსო. ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული გასართობი იყო ჩემთვის. ალბათ ეს იყო ჩემი პირველი გაკვეთილები ხალხურ სიმღერაში და, საერთოდ, მუსიკაში. ამასობაში სმენა გამივარჯიშდა. თუმცა ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი ტალანტები იყვნენ და მე ამ მხრივ ოჯახში ყველაზე ნაკლებად გამორჩეული ვარ.
- სიმღერის სიყვარულის მიუხედავად კონსერვატორია მუსიკოლოგიის განხრით დაამთავრეთ, ხომ არ ნანობთ ასეთ არჩევანს?
- მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ჩემი არსების ნაწილი და ცხოვრებაა, პროფესიად არ გამიხდია. ვმღეროდი და ვმღერი მეგობრებისთვის და ძალიან იშვიათად თუ დავდგები სცენაზე როგორც მომღერალი. ის, რომ მომღერლის კარიერა არ ამირჩევია, ჩემი ხასიათით და მაქსიმალისტური ბუნებითაა განპირობებული. პერფექციონისტი ვარ და სულ იმის შიში მქონდა, რომ საკუთარ სტანდარტს ვერ დავაკმაყოფილებდი. კომფორტული პოზაა, მაგრამ ხანდახან, როცა მეკითხებიან, რატომ არ ვდგავარ სცენაზე, სევდა შემომაწვება ხოლმე და ვფიქრობ, რომ, მგონი, შევცდი...
- როგორ და სად შეხვდით ქართულ მუსიკაზე შეყვარებულ შოტლანდიელს და რა შეიცვალა მას შემდეგ?
- ამ არაჩვეულებრივ და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „გიჟ გოგოს” – მეჯ ბრეის 2007 წელს თბილისში შევხვდი. ქართული სიმღერა პირველად რომელიღაც ვორქშოფზე მოესმინა და მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ სიმღერის კვალს ფეხდაფეხ გამოყოლია, რათა ამ საოცარი მუსიკის სამშობლო საკუთარი თვალით ენახა და სიმღერა ქართველებისგან შეესწავლა. მეჯი პროფესიით სოციალური მუშაკია. ქართული სიმღერის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ქართველებს გვაქვს განუმეორებელი თერაპიული თვისებების მქონე მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელსაც ადამიანისთვის სტრესის გადალახვასა და ფსიქო-ემოციური ბალანსის აღდგენაში სერიოზული დახმარების აღმოჩენა შეუძლია. მას დღემდე აწუხებს ის ამბავი, რომ ქართული მუსიკა თავდაპირველ, ბუნებრივ კონტექსტში ნელ-ნელა ქრება. როგორც კი ჩვენი მეგობრებისგან ანა და მადონა ჩამგელიანებისგან შეიტყო ლატალის თემის სოფელ ლახუშდის შესახებ, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი სარიტუალო პრაქტიკა, გადაწყვიტა, რომ სოფელს ამ ტრადიციების გადარჩენაში დახმარებოდა. 2011 წელს დავიწყეთ პროექტი „ლახუშდი - მომღერალი სოფელი”.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ სოფელს პირველად თქვენ გაუწიეთ პოპულარიზაცია?
- ინიციატივა ჩამგელიანების ოჯახიდან წამოვიდა და მეჯიმ აიტაცა. ფაქტია, რომ ლატალის თემის ამ პატარა სოფელს მაშინ სვანების გარდა არავინ იცნობდა. დღეს კი, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ზემო სვანეთიდან ისე არ წავა, ლახუშდში რომ არ შეიაროს. ამაზე ერთი სასაცილო შემთხვევა მახსენდება: შარშან, ვაშინგტონში ვორქშოფის შემდეგ მონაწილეები ვისხედით და ვსაუბრობდით. იქაურებმა მითხრეს, საქართველოში, მათ შორის სვანეთშიც გვიმოგზაურიაო. დავინტერესდი, რა ენახათ სვანეთში. ასე მითხრეს, არ გეცოდინებათ, ერთი პატარა სოფელია არატურისტულ ზონაშიო. მაინც ჩავეძიე – რომელი სოფელია–მეთქი. ლახუშდი ჰქვიაო. ალბათ წარმოიდგენთ, როგორ გავიბადრებოდი ამის გაგონებაზე... ჩემი სადოქტორო დისერტაციის ბაზა ჩამგელიანების ოჯახი იყო ლახუშდში.
- ანუ თქვენი სადოქტორო დისერტაციაც სვანურ ფოლკლორზე იყო?
- დიახ, დიდი ტრადიციების მქონე ჩამგელიანების მომღერალი ოჯახი ჩემი მეორე ოჯახივით იყო. აქ რამდენიმე თაობა მღერის და მათ კარგად იციან სვანური სიმღერის ანი და ბანი. მადონა პროფესიით ეთნოლოგია და ჩემი მარჯვენა ხელი იყო. სამწუხაროდ, სვანურად ვერ ვსაუბრობ, თუმცა სხვა დანარჩენი იმდენად ახლობელი გახდა ჩემთვის და იმდენად მომიხდა სვანური კულტურის ძირებთან შეხება, რომ თითქოს იქაურობის ნაწილად ვიქეცი. რაც შეეხება ფაქტებს, ჩემი კვლევა ეთნომუსიკოლოგიური იყო და გულისხმობდა სვანური მუსიკის გაგებას ფართო კონტექსტში.
- ქალბატონო ნანა, თქვენი კვლევის რომელიმე საინტერესო მომენტს ხომ არ გამოყოფდით?
- ყველა ფაქტი და მოვლენა, რისი მოწმეც ვიყავი, ერთობლიობაში გააზრებისას იძენდა მნიშვნელობას და რომელიმე ერთის გამოყოფა გამიჭირდება. თუმცა, ალბათ, მაინც შეიძლება გამოიყოს კვლევის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც სვანური სიმღერის მნიშვნელობამოკლებულ (ან დაკარგულ) ტექსტებს ეხება და რომელთაც, მუსიკალური ტექსტის ანალიზის შედეგების მიხედვით, განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვა აქვს და სულაც არ წარმოადგენს მნიშვნელობადაკარგულ ვერბალურ მასალას. მაგალითად, მუსიკალური ანალიზის შედეგებმა გამოავლინა, რომ ვერბალური ფორმულა “უო იეჰა”, რომელიც სვანური ჰიმნური სიმღერების განუყოფელი ნაწილია, მლოცველსა და ლოცვის ობიექტს შორის კავშირის სიმბოლოა და ხმობა(ვედრება)–პასუხის აქტს განასახიერებს.
- დღეს თქვენ დაინტერესებულ უცხოელებს ქართულ სიმღერებს ასწავლით, როგორია ქართული სიმღერის ემოციური ზემოქმედება მათზე?
- უცხოელებს, ზოგადად, ან მოსწონთ ან არ მოსწონთ ქართული სიმღერა. შემხვედრია ადამიანები, ვისაც ქართული სიმღერის გამორჩეულობისა და განსხვავებულობის გამო ემოციური შოკი მიუღია და ამის გამო მისგან დისტანცირებულან. დღეს ერთ-ერთი მათგანი ქართული სიმღერის დიდი გულშემატკივარი და მასპინძელია თავის ქვეყანაში. მეორე მხრივ, ხშირად ქართულ სიმღერას თითქოს ნარკოტიკული ზემოქმედებაც კი აქვს. იგი იმდენად უყვარდებათ, რომ საქართველო მათთვის მეორე სამშობლო ხდება. საქართველოში ხშირად ჩამოდიან, საკუთარ ქვეყანაში კი ქართულ საღამოებსა და შეხვედრებს აწყობენ. სწავლობენ ქართულ ენას, ქართული კერძების მომზადებას, სადღეგრძელოებს და სუფრის წესებს.
- თუ შეიძლება, გაიხსენეთ ყველაზე ბეჯითი და საინტერესო უცხოელები, ვისაც ქართულ სიმღერას ასწავლით…
- კონკრეტულად გამიჭირდება ვინმეს გახსენება. თუმცა ნიმუშად შეიძლება ფრანკ შერბაუმი მოვიყვანო, რომელმაც ქართული სიმღერის სიყვარულის გამო მთლიანად შეიცვალა პროფესიული მოღვაწეობის ფოკუსი და გეოფიზიკიდან ქართული მუსიკის კვლევაზე გადმოერთო. რაკი ამჟამად ბერლინში ვარ, ის ცდილობს არ დაკარგოს შესაძლებლობა, ორ კვირაში ერთხელ ჩვენ მის მეუღლესა და მეგობართან ერთად ვიკრიბებით ხოლმე და ქართულად ვმღერით. ძალიან მოტივირებული და ბეჯითი ადამიანია. თუმცა, ამას წინათ, ერთი გამოცემისთვის ინტერვიუს მიცემისას სიცილით წამოსცდა, ნანასგან ვსწავლობ ქართულ სიმღერებს და საკმაოდ მკაცრი მასწავლებელიაო.
- სხვა ჟანრის ნაწარმოებებს და უცხოურ ფოლკლორს თუ ასრულებთ?
- ჩემი მუსიკალური ინტერესები ძალიან ფართოა. მაინტერესებს ყველა ჟანრის და ყველა სტილის მუსიკა. ჩემთვის მთავარია როგორ სრულდება, და თუ მომეწონება, მაშინვე მისი ტყვე ვხვდები. ეს ერთნაირად ეხება კლასიკურ მუსიკასაც, ფოლკლორსაც და მძიმე როკსაც. თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომელი ქვეყნის მუსიკას შევასრულებდი (ვიმღერებდი), ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ენაა. აუცილებლად მჭირდება მესმოდეს ენა, რომელზეც ვმღერი. ამიტომ ვმღერი ინგლისურად (ცოტაოდენ ჯაზსაც), ადრე რუსულად ვმღეროდი. ინგლისურენოვანი ფოლკლორი ძალიან მეახლობლება და ხშირად ვღიღინებ შოტლანდიურ, ინგლისურ და ირლანდიულ ბალადებს, ან ამერიკულ ქანთრის.
- ყველაზე უჩვეულო გარემოში სად გიმღერიათ?
- ბელგიის ციხეში!.. ამის გამო ჩემი უცხოელი მეგობრები კაბიან “ჯონი კაშს” მეძახდნენ. შარშან ბელგიაში ვიზიტისას მათ იქაურ პატიმრებთან შეხვედრა მთხოვეს. პირველად აღმოვჩნდი ციხის შენობაში. ასე მეგონა, რომელიღაც ფილმის პერსონაჟი ვიყავი, ციხის მკაცრ დერეფნებში რომ მივაბიჯებდი და ჩემ უკან ერთიმეორის მიყოლებით ირაზებოდა რკინის კარები. ამის მერე ხელახლა მთხოვეს მისვლა და ორივე შეხვედრა დაუვიწყარია ჩემთვის.
- ვიცი, რომ ბელგიის ციხეში პატიმრებს „იავნანა“ უმღერეთ, როგორ იმოქმედა მათზე ქართულმა სიმღერამ?
- დიახ, ბელგიის ციხეში ქართული აკვნის ნანები შევასრულე. მათ იავნანებიც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მონათესავე ჟანრებია. მაშინდელი შეხვედრიდან დამამახსოვრდა ოცდახუთიოდე წლის ინგლისელი კაცი, რომელიც სამგზის მკვლელობისთვის იყო სამუდამო პატიმრობამისჯილი და რომელიც ჯგუფში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და საშიშ დამნაშავედ ითვლებოდა. მთელი შეხვედრის მანძილზე ის უხმოდ, თავჩაქინდრული იჯდა. ბოლოს სოციალური მუშაკი შემოვიდა და პატიმრებს ჰკითხა, როგორ მოგეწონათო, რეაქციები სრულიად დადებითი და ზოგჯერ ექსტრავაგანტურიც იყო. იმ ინგლისელმა კი პირველად ასწია თავი და ოდნავი ღიმილით ჩაილაპარაკა – It was stunning, fantastic! როცა ეს სცენა მახსენდება, გაკვირვებული ვფიქრობ: თურმე ცივსისხლიან მკვლელშიც კი როგორ შეუძლია მუსიკას შეარხიოს ყველაზე ფაქიზი გრძნობები... ასეთ დროს ტკივილნარევი თანაგრძნობითა და სიბრალულით შეიძლება მის მიმართ განიმსჭვალო. ასეთ დროს კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ რწმუნდები, რომ მუსიკა საოცარი ძალაა...