საქართველოს ნავთობის სააგენტო: Frontera-ს განცხადება ფაქტობრივი უზუსტობებითაა სავსე

სახელმწიფოსა და კომპანიას სხვადასხვა შეხედულებები აქვთ Frontera-ს მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. Frontera-ს განცხადება მნიშვნელოვნად იყო დაფუძნებული ფაქტობრივ უზუსტობებზე, მიიჩნევს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი.

Frontera-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წელს სახელმწიფომ და ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კომპანიის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყეს, რამაც „მნიშვნელოვნად გაართულა კომპანიის საქმიანობა და საქართველოში დაგეგმილი ინვესტიციების ნაკადი".

Frontera იმედოვნებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს

მიუხედავად ყველაფრისა, შეთანხმების დებულებების დაცვა საკვანძო წერტილია. ამიტომ ხშირად არ შეგვიძლია Frontera-ს კონფიდენციალურობის მოთხოვნიდან გამომდინარე დეტალების გამჟღავნება. ეს განცხადება ფაქტობრივი უზუსტობებით არის სავსე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ სადავო საკითხების გამო გაზისა და ნავთობის კორპორაციამ მიმართა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. მის გადაწყვეტილებას აპრილში ველოდებით, განაცხადა ტატიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, Frontera-ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი თანამშრომლების მიმართ 11 თვის დავალიანებაზე, რომელიც კომპანიამ ნავთობის მოპოვების დროს დააგროვა. ტატიშვილის განცხადებით, მათ ჰქონდათ შემოსავალი, მაგრამ, როგორც ჩანს, მუშახელის წინაშე ვალი პრიორიტეტული საკითხი არ ყოფილა.

საქენერგო: Frontera თავს არიდებს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას>>

„კომპანია Frontera-ს ახლა ორი ლიცენზია აქვს. ერთი გაიცა 1997 წელს ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე უფლების წარდგენაზე. მეორე ლიცენზია რამდენიმე წლის წინ მიიღეს. ესაა ლიცენზია ნავთობის ტრანსპორტირებაზე. კომპანიას ორივე ლიცენზია აქვს და ამ ლიცენზიების ფარგლებში საქმიანობს. ჩემთვის გაუგებარია, რა შეზღუდულ ლიცენზიებზე ან ნებართვებზეა საუბარი განცხადებაში", – აღნიშნა ტატიშვილმა.

მისი თქმით, ინვესტიციების მოცულობა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება.

ტატიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსა და Frontera-ს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. სახელმწიფომ კომპანიას არ ჩაუთვალა რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიციები, რადგან ეს თანხა ჩადებული არ ყოფილა კონტრაქტის მოთხოვნების შესაბამისად. Frontera-ს აქვს თავისი ციფრები, ჩვენ – ჩვენი. დაველოდებით არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, აღნიშნა ტატიშვილმა.

სარჩელში სააგენტოს რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მათ შორის მთავარია იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც Frontera არ იყენებს ნავთობის მოძიებისა და მოპოვებისთვის. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ფართობი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაბრუნებულიყო.

ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა

„მიზეზი, რის გამოც Frontera არ აბრუნებს ტერიტორიას, ისაა, რომ კომპანია მიიჩნევს, თითქოს ვალდებული არაა, დააბრუნოს. მიკვირს განცხადებები ასეთ ფონზე, როდესაც საქმე საერთაშორისოდ აღიარებულ საარბიტრაჟო სასამართლოშია გადაცემული, რომელსაც ჩვენ სრულიად ვენდობით", – განაცხადა ტატიშვილმა.

თბილისში რამდენიმე დღის წინ კომპანიის ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქცია მოეწყო. ისინი თავიანთ კუთვნილ ხელფასებს (11 თვის) მოითხოვენ. ეს პირველი მიტინგი არაა, რომელსაც ისინი მართავენ. ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი 2019 წლის დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, მათი ოჯახები კი მაინც უფულოდ დარჩნენ საახალწლოდ.

აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ – ხელფასის დაბრუნება და ძველი პირობებით სამუშაოზე აღდგენა. მათი განცხადებით, ისინი აქციებს მანამდე გამართავენ, სანამ ეს პირობები არ შესრულდება.

მიუხედავად ამისა, კომპანიას იმედი აქვს, რომ გააგრძელებს ნავთობისა და გაზის მოძიების მრავალმილიარდიანი პროექტის რეალიზებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ხოლო მის მოსახლეობას დიდ მატერიალურ სარგებელს მოუტანს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.