„არა აზარტულ თამაშებს!“ - თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვეს ლუდომანია ოფიციალურად აღიაროს ფსიქიკურ დაავადებად
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია „არა აზარტულ თამაშებს!“, რომლის მიზანია მოუწოდოს ხელისუფლებას მიიღოს ზომები ლოდომანიის წინააღმდეგ, იუწყება ადგილიდან  „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

აქციის ორგანიზატორები არიან პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობრები და ნათესავები, რომელმაც ლუდომანიის გამო 2019 წლის ნოემბერში თავი მოიკლა. აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეებმა ბათუმში ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს

„ეს ჩვენი პირველი აქციაა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა - ითქვას „არა“ აზარტულ თამაშებს. ჩვენ ვაანალიზებთ საშინელ სიტუაციას, რომელიც ამ კუთხით საქართველოში არსებობს. ბოლო მონაცემებით, სათამაშო ბიზნესში ჩათრეულია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. შესაბამისად, სასწრაფოდ არის მისაღები ზომები“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია: ჯანდაცვის სამინისტრომ ლუდომანია ოფიციალურად უნდა აღიაროს ფსიქიკურ დაავადებად, უნდა შეიქმნას ცხელი ხაზი ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანების მხარდაჭერისთვის, უნდა შეწყდეს აზარტული თამაშების რეკლამა, შეიზღუდოს ონლაინ-კაზინოების ხელმისაწვდომობა, მოთამაშეებისთვის დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვები, ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრი.

აზარტული თამაშები - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი უსწრებს. არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე ადამიანი თამაშებზეა დამოკიდებული.

აზარტულ თამაშებთან ბრძოლაში საპატრიარქო ერთვება >>

ბოლო დროს საქართველოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ორმა ახალგაზრდამ - სანდრო ბერაძემ და ზუკა გრიგოლიამ. სიკვდილის წინ ბერაძე დაემშვიდობა მშობლებს და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო თავის ცხოვრებას ჯოჯოხეთი უწოდა, ხოლო გრიგოლიამ სიკვდილის წინ პოსტი თავის Facebook-გვერდზე დაწერა.