„პატრიოტები" IRI-სა და NDI-ს წინააღმდეგ: პარტია საკუთარ მასშტაბურ გამოკითხვას იწყებს

თბილისამდე „პატრიოტთა ალიანსმა" უკვე ჩაატარა გამოკითხვა ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. პარტია ამტკიცებს, რომ გამოიკითხა 211 ათასი ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ამერიკული კვლევითი ცენტრების IRI-სა და NDI-ს წინააღმდეგ დიდ კამპანიას იწყებს.

თბილისში აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა>>

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უკვე მრავალი წელია საქართველოში საკითხების ფართო სპექტრზე საზოგადოებრივი აზრის მასშტაბურ კვლევებს ატარებენ.

„პატრიოტთა ალიანსი": გამოიკვლიეთ სინამდვილეში რით არიან დაკავებული NDI და IRI საქართველოში

რამდენადაც მრავალმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა ამ გამოკითხვების მიმართ არაერთხელ გამოხატა უნდობლობა, „პატრიოტთა ალიანსმა", ალტერნატივის სახით, საკუთარი კვლევების შეთავაზება გადაწყვიტა – საპარლამენტო ოპოზიცია თბილისში მილიონი ადამიანის გამოკითხვას აპირებს. IRI-სა და NDI-ს წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანია პარტიამ დღეს ორბელიანის მოედანზე თავის მომხრეებთან შეხვედრაზე დააანონსა.

„ამ დიდ ტყუილს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო. უნდა დასრულდეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფა IRI-სა და NDI-ს მხრიდან. ეს უკვე მრავალი წელია გრძელდება და ქართველი ხალხი ამას ითმენს. დღეიდან ვიწყებთ გლობალურ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანია ამ სიცრუის დანგრევა", – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილმა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან ასევე მოითხოვა იმ მეთოდების გამოძიება, რომლითაც IRI და NDI ამ გამოკითხვებს ატარებენ და რომელთა შედეგებსაც პოლიტიკოსმა „ფალსიფიცირებული" უწოდა.

პრემიერი NDI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობა

„პატრიოტთა ალიანსი" თბილისელებს შესთავაზებს კითხვარის შევსებას, რომელშიც კითხვები შეეხება დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, ნატოში შესვლას, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას. ასევე იქნება კითხვა, ენდობიან თუ არა მოქალაქეები IRI-სა და NDI-ს გამოკითხვებს და მიუღიათ თუ არა ოდესმე მონაწილეობა მათ კვლევებში. თითოეული რესპონდენტის კითხვარს დაერთვება მისი ფოტო იმის დასადასტურებლად, რომ ყველა გამოკითხული რეალური ადამიანია.

„პატრიოტთა ალიანსმა" უკვე ჩაატარა გამოკითხვა ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. პარტია ამტკიცებს, რომ გამოიკითხა 211 ათასი ადამიანი. სამივე ქალაქში გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტს.