რა გველოდება 2020 წელს - არჩევნები, ვიზიტები და ევროპული პერსპექტივა

მართალია, 2019 წელი ისე მიიწურა, საარჩევნო კანონმდებლობაზე ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ დიპლომატები იმედს არ კარგავენ, რომ იანვრის ბოლოს ქართული პოლიტიკური ძალები შეთანხმებას შეძლებენ.
Sputnik

ხელისუფლება ოპოზიციას კვაზი-პროპორციულ სისტემას სთავაზობს. ანუ 100 ადამიანი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულით. ოპოზიცია უარზეა, თუმცა შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს ამაზეც თანახმა იქნება პრინციპით, იქნებ, ყვავს კაკალი გავაგდებინოო.

2019 წელმა ვერც ბაზალეთის ტბის ძირას დაუნჯებული ოქროს აკვანი და ვერც ახალი პოლიტიკური ლიდერი ვერ შვა, სამაგიეროდ გვყავს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც ჯერ არ ჩამოსულა, თუმცა ქართულმა მხარემ მის კანდიდატურაზე თანხმობა განაცხადა და სენატმა და კონგრესმაც უკვე დაამტკიცა. ირანსა და ერაყში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ელჩი მთელი თავისი ძალაუფლებით საქართველოსა და ამ რთულ რეგიონში ზოგადად, აშშ-ს ნამდვილად სჭირდება, თუმცა არანაკლებ - ქართულ მხარეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს პროექტი 2020-ში დაიწყება თუ არა, ეს ძალიან მალე გაირკვევა, ისევე, როგორც ბევრი თემა.

2019 – სკანდალებისა და ლუსტრაციის წელი

მაგალითად, გაზაფხულზე საქართველოს თურქეთის პირველი პირი ერდოღანი ესტუმრება, რომელმაც შესაძლოა, შუამავლის როლიც შეასრულოს საქართველოსა და რუსეთის დაძაბულ ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ნამდვილად ისტორიის საოცარი შემობრუნება იქნება, რადგან თავის დროზე პატარა კახმა ხომ სწორედ იმიტომ მიაშურა რუსეთს, რომ მაჰმადიანური სამყაროსაგან გადაერჩინა საქართველო. ნამდვილად არავინ იტყვის უარს ლავროვის ჩამოსვლასა და თუნდაც გახარია-პუტინის შეხვედრაზე, თუ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში დაგვეხმარება, არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას დაიზარებს ვინმე, თუკი მისი ლიდერები ამ დიდ ტკივილს მოუშუშებენ საქართველოს, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობიდან ნამდვილად ოცნებების სფეროშია. თუმცა შობის ღამეს ოცნებებიც სრულდება.

როგორი 2020 გველოდება? – პენსიებისა და ხელფასების ზრდა, ახალი ინფრასტრუქტურა და არჩევნები

2020-ში ნამდვილად დიდია შანსი, გაირკვეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესაძლოა, ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალი მოდელი ტრიო+ შესთავაზონ. ეს რეალურად შესაძლებელია, თუმცა გარდა დემოკრატიის განმტკიცების, ჩვენს ქვეყანას ბევრი ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევს. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტანდარტები საქართველოსთვის უფროა საჭირო, ვიდრე ევროპისათვის, მაგრამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ნამდვილად მოგვიწევს. ესაა ეკოლოგია, სათამაშოების უსაფრთხოება, მანქანების გამონაბოლქვის შემცირება და ა. შ. ნუ, კურორტებზე რომ წყალი უნდა გვქონდეს და საჭმელიც - შესაძლებლად იაფი და ხარისხიანი, ეს აქსიომაა.

რა გეგმები აქვს ოპოზიციას

2020-ში სერიოზული ცვლილებებია სამართალდამცავ სისტემაში. გარდა უზენაეს სასამართლოში ასარჩევი მოსამართლეებისა, 2020-ში უნდა გაირკვეს, ვინ გახდება გენერალური პროკურორი, იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები.

2020-ის თებერვალში საპატიმროს დატოვებს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ჯერჯერობით არ ამჟღავნებს, ვის მხარესაა გაყოფილი ნაციონალური მოძრაობის ნაწილებიდან. თუმცა თუ ეს ორი, თვისობრივად ერთნაირი პოლიტიკური ძალა მაინც ერთად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, აღარც ვანო მერაბიშვილს მოუწევს მისთვის მძიმე პოლიტიკური არჩევანის გაკეთება.

რატომ ელოდებიან ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე და რატომ ტოვებენ დეპუტატები პარლამენტს

ზოგადად, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოვლენები ისე განვითარდება, რომ 2020-ის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობას არჩევანის ძალიან რეალისტურ გარემოში გაკეთება მოუწევს. ეს, ერთის მხრივ, სასარგებლოც კია მოსახლეობისათვის, რადგან არც ერთი ქარიზმატული ლიდერი ამ არჩევნებში არ ჩანს. იყო გარკვეული მოლოდინი „ლელოს“ მიმართ, თუმცა როცა პოლიტიკურ პარტიას ბანკირი ქმნის და ისიც პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად, პოზიტიური და იმედიანი შეთავაზების ნაცვლად მოსახლეობას შავ სიას სთავაზოვს, რბილად რომ ვთქვათ, მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაზე საუბარი ზედმეტია.

„ქართული ოცნების“ ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი ექსპერტებიც კი ღიად აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში დასარჩენად ნემსის ყუნწში გაძრომა მოუწევს.

თუმცა, მაინც უფრო რეალურად კოალიციური მთავრობა ჩანს, თუმცა მანამდე გასარკვევია, როდის და რა კანონმდებლობით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები...

ასეა თუ ისე, 2020-ში არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას ელის საინტერესო პოლიტიკური მოვლენები. რამდენად პრაგმატულად გამოიყენებს ამ მოვლენებს თითოეული სახელმწიფო, პოლიტიკური ძალა თუ ფიგურა, ეს მის ინტელექტსა და მონდომებაზეა დამოკიდებული.