ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვს. საჭიროა მისი განვითარება - ასე უფრო ადვილი იქნება ნებისმიერი სირთულის დაძლევა.
ახალი წლისთვის შეიარაღდით ოპტიმიზმით, ჩაისუნთქეთ ღრმად და შეაბიჯეთ ახალ, 2020 წელში, ახალ სამყაროში დიდი იმედებითა და მომავლის რწმენით.
ვერძი
ვერძი ყველგან მაინც ვერძია, ცხვარი. მისი სიჯიუტე მწვერვალებს იპყრობს, რის გამოც ხშირად ჩხუბობს ახლობლებთან. ვერძების რამეში გადარწმუნება მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება - პირველი, როცა სძინავთ და თქვენი არ ესმით და მეორე - როცა ის ყრუ-მუნჯია, ამიტომ ვერ იკამათებს ისე, როგორც სურს. თუნდაც მათთან მშვიდობით მიხვიდეთ, მაინც გამონახავენ რამეს, რომ იჩხუბონ. ვერძებო, ეცადეთ, გარშემომყოფებისგან ნაკლები მოითხოვოთ. მოითმინეთ და მიიღეთ ის, რომ ყველა თქვენნაირი იდეალური არ იქნება.
წელს კარიერული აღმაფრენა გელოდებათ ისეთი, როგორც დამლაგებელს, რომელიც ოლიგარქზე დაქორწინდა. მაგრამ ამისთვის გზაზე ყველასა და ყველაფრის წალეკვა მოგიწევთ.
ვერძი-მამაკაცი. ბავშვია 70 წლამდე. და რატომ უნდა გაიზარდოთ? ყველა თავს დაგტრიალებთ. სიმპათიურები ხართ.
ვერძი-ქალი. ყველასთან გამონახავენ საერთო ენას და მიამიტ კრავად მოგაჩვენებენ თავს. თავიანთი სარგებლისთვის ყველას დაიმეგობრებენ - პრემიერიდან დაწყებული, ჯიხურის გამყიდველი მარო დეიდათი დამთავრებული. ყოველთვის ლამაზად გამოიყურებიან.
ვერძი-მამაკაცი. არასდროს გამოირჩევიან კარგი მანერებით, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის, იყვნენ ერთგული, პატიოსანი და ყურადღებიანი. ვინც მზად ხართ, რომ უცოლობას გამოემშვიდობოთ, იცოდეთ, რომ 2020 წელი ამისთვის ხელსაყრელი პერიოდია.
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება
ცოლად კი, ვირთხის წელი გირჩევთ, არ მოიყვანოთ მისნაირები, არამედ ლამაზებზე და ჭკვიანებზე დაქორწინდით. სასურველია, თუ თქვენი ცოლი თქვენნაირად ჯიუტად არ ჩაებმება ჩხუბში, არამედ მაშინვე დაგახურავთ ცხელი კერძით სავსე ქვაბის ჩაფხუტს და ამას, რაც მთავარია, უსიტყვოდ გააკეთებს.
კურო
თქვენი დრო დადგა! შეგიძლიათ ფულის მაგნიტი იყოთ. ამასთან, ფულს არა მხოლოდ იზიდავთ, არამედ ინარჩუნებთ კიდეც. ვირთხას ასეთი კადრები უყვარს, ამიტომ ისარგებლეთ მომენტით. ეს ცხოველი თავის გამოჩენის მხრივ რამდენიმე სფეროში დაგეხმარებათ. არის მომენტები, როდესაც იმდენად გიტაცებთ ფულით სავსე ტომარა, რომ ირგვლივ ყველაფერი გავიწყდებათ. ხარები კი ხართ, დიდი ძალა გაქვთ, მაგრამ რკინისებრი – მაინც ვერა, ამიტომ საჭიროა, დასვენებაზეც იფიქროთ.
თუ გრძნობთ, რომ ძალა არ გყოფნით, შეაწყვეთ ფეხები მაგიდაზე, აიღეთ სწორი (!) საკვებით სავსე თეფში და უბრალოდ, დაისვენეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მალდივის კუნძულებზე დასვენება ლამაზი გოგო-ბიჭებით გარშემორტყმულ გარემოში, მაგრამ სრულიად საკმარისია, რომ მშრომელთა რიგებს დაუბრუნდეთ გასამმაგებული ძალებით. და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, შეგიძლიათ, კიდევ ყავა დააყოლოთ (ან სხვა, უფრო მაგარი რამ), მხართეძოზე წამოწვეთ, მეგობრებთან ერთად იჭორაოთ.
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება
და კიდევ, 2020 წელი კარგი დროა, რომ ქორწინების სახლს ესტუმროთ. თქვენი გადასაწყვეტია - თუ გეშინიათ ამ სიკეთისა, რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი, თუ არა, ხომ გაგიგიათ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო?
ტყუპი
ტყუპები ის არსებები არიან, რომლებიც ათას საქმეს ჩაიდენენ, მაგრამ მათზე არავინ არაფერს იეჭვებს. სასჯელს ყოველთვის ირიდებენ თავიდან. მათი დაკომპლექტებისას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაავიწყდათ - სინდისი. და ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ. ცხოვრება ხომ მშვენიერია! მაგრამ რაც არ უნდა ეგოისტი იყოთ და საკუთარი თავი ყველაზე მეტად გიყვარდეთ, მაინც მთელი სულითა და სითბოთი ექცევით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. ამასთან, მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ მომენტში დაეხმარებით (არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც). როგორც ჩანს, არც ისე ცუდები ხართ...
2020 წლის მასპინძელი გირჩევთ, არ ჩაერიოთ საქმეებში, რომლებიც არ გეხებათ, გაანძრიეთ ტვინი. ჯერ დაფიქრდით, მერე კიდევ დაფიქრდით, კიდევ... და შემდეგ იმოქმედეთ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები გელოდებათ, ასევე, ახალ საქმიანობაში. ფულს არასაჭიროებისამებრ ნუ დახარჯავთ.
ტყუპი-ქალები. შეწყვიტეთ ამდენი რამის ატანა. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ ერთნი ხართ (თუმცა, თქვენს შიგნით ორი ადამიანი იმალება). ცხოვრება თქვენ ხელშია, ამიტომ დაფიქრდით, ვინ უნდა ჩამოიცილოთ ცხოვრების გზიდან. მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, „მწვანე აინთება“ ახალი თავგადასავლებისთვის სასიყვარულო არენაზე.
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება
ტყუპი-მამაკაცები. გახსოვდეთ, ოჯახი - ეს თქვენი ნავსადგომია, სადაც ყოველთვის შეგიფარებენ, გაპატიებენ სინდისის არქონას. ამიტომ სამუშაოს მთელი სიმძიმეები სამუშაოზე დატოვეთ და სახლში ისე მიდით. ლაპარაკი გიყვართ, ამიტომ ჩართეთ შინაგანი რადიო, გაააქტიურეთ კონტაქტი ოჯახის წევრებთან. თან იფიქრეთ, მყუდრო ოჯახური საღამოების შემდეგ სად გაატაროთ დრო უქმეებზე.
კირჩხიბი
რა მივიღოთ კირჩხიბებისგან? ვერაფერს მიიღებთ, თუნდაც ძალიან გინდოდეთ! ისინი თავიანთსას ხელიდან არ გაუშვებენ, არ მოგცემენ, და იქით მიიტაცებენ! ჩვეულებრივ, ისინი თავიანთ სურვილებში დარწმუნებული არიან, ყოველთვის ეწყობიან საკუთარ თავსა და ემოციებს. მათზე ნამდვილად არ არის ნათქვამი, დღეს ერთი უნდა და ხვალ - სხვაო. არ უყვართ რამის შეცვლა ცხოვრებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ სჯობს გქონდეს არა საუკეთესო, არამედ საკუთარი.
უცოლო კირჩხიბებს 2020 წელს რაღაც ახალი მოუნდებათ, ექსტრემალური. მაგალითად, სახლში გაკეთებული... ხინკალი, ფილმის ყურება, თან ვინმესთან ხელჩაკიდებულმა. მოკლედ, რაღაც მყუდრო, შინაურ-ოჯახური... ვინმესთვის საუზმის მომზადება, ნოტაციების მოსმენა... მოკლედ გადახვალთ მდგომარეობაში „ვეძებ ცოლს“.
მაგრამ ეს დროებითი აქცია იქნება. უკვე წლის ბოლოს ამ სურვილის გამო საკუთარ შერაცხადობაში ეჭვი შეგეპარებათ. ამისთვის ხომ ფულია საჭირო! და საკუთარი სახსრები ვინმეზე დახარჯო?! და ასე მოგინდეს სახლში გაკეთებული ხინკალი? უფრო იაფი არ დაჯდება, წახვიდე და იყიდო? და კიდევ უფრო იაფი - მაკარონი მოიმზადო! ვინც ფიქრობს, რომ კირჩხიბს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება, გახსოვდეთ - არც მოითხოვოთ და არც დაელოდოთ!
თეთრი ვირთხა მატერიალურად გაგიმართლებთ. სჯობს, სახსრები უძრავ ქონებაში ჩადოთ.
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება
ქალ კირჩხიბებს ძალიან კარგი, ნათელი და ეფექტური წელიწადი გელოდებათ. ოცნების კოშკები შეიძლება რეალობად იქცეს. შეძლებთ ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებას. არ შეუშინდეთ სიახლეებს, გამოსცადეთ თავი ახალ-ახალ სფეროებში.
ლომი
თქვენი ერთი სიტყვითაც კი ყველაფერი ცხადი ხდება. თქვენ ხომ საერთოდ ვერ ხედავთ და ამჩნევთ კონკურენტებს - ბადალი არ გყავთ. მზე და მთვარე მხოლოდ თქვენთვის ანათებენ. ამ პოზიციით ცხოვრობთ.
ქალი ლომი. ნებისმიერი პრინცის მოხიბვლა შეგიძლიათ, ამასთან, არაფრით გამორჩეული მამაკაცისგან – გამოჩენილი, გამარჯვებული მამაკაცის გამოძერწვა. მამაკაცებო, გაითვალისწინეთ, თუ, მაგალითად, სანტექნიკოსი ხართ და ეს არ გაწყობთ, ცოლად ლომი-ქალი მოიყვანეთ - ის იმდენს გააკეთებს თქვენთვის, რომ ნამდვილ ოლიგარქად გაქცევთ.
ლომებო, ჯანმრთელობას ნუ ეთამაშებით, განსაკუთრებით გაზაფხულზე იფრთხილეთ.
ფინანსურად გაგიმართლებთ (რა თქმა უნდა, მეფე(დედოფალ)–ლომებს ეს არც გაგიკვირდებათ).
გაქვთ განუსაზღვრელი რაოდენობის სურვილი. ვინმეს აზრი არ გაინტერესებთ. თვითონ ხართ საკუთარი თავის ბატონ–პატრონი. თუ რამეს მოისურვებთ, აუცილებლად მიაღწევთ.
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება
რჩევა მათთვის, ვისაც ლომებთან აქვს საქმე: თუ გინდათ მათთან ურთიერთობა, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ მათ ამბიციებსა და „უპირატესობებს“.
ქალწული
ქალწულს უყვარს თავისი თავის კვარცხლბეკზე აყვანა. ანუ, მოქმედებს პრინციპი „თუ საკუთარი თავი არ შეაქე...“. მასში ხანდახან ლომი ჩაიბუდებს ხოლმე და ის ფიქრობს, რომ გარშემო ყველა გაუნათლებელი ტეტიაა, მხოლოდ ისაა – ქალღმერთი (ან ღმერთი). ექიმები არასწორად მკურნალობენ, შეფი არასწორად მუშაობს, მასწავლებელი არასწორად ასწავლის... ქალწულმა ყველაფერი უკეთ იცის...
თუ დაოჯახება გადაწყვიტეთ – სწორია! ახლა საუკეთესო დრო დგება. ოჯახში, სადაც ქალწულია, ვინაა ოჯახის უფროსი? რა თქმა უნდა, ქალწული. ქალი სამზარეულოში ქალღმერთია და სახლის გარეთაც – ყველაფერი იცის.
ქალწულ–მამაკაცს უჭირს პროფესიულ სფეროში ურთიერთობების აწყობა. ხელმძღვანელობას ის უყვარს, კოლეგები შინაურად მიიჩნევენ. ეს კი საკუთარი პერსონის სწორად წარდგენის ხელოვნების წყალობით. იცის, როგორ შეარჩიოს მეგობრები და სარგებელი ნახოს.
ჯანმრთელობას გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ. მიიღეთ ვიტამინები. კარგი იქნება, თუ სადმე კურორტზე გაემგზავრებით.
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება
თუ შეამცირებთ გამოთქმა–ფრაზებს: „მინდა“, „გააკეთე“, „მომიტანე“, მომაწოდე“ და სხვა, მარტო არ დარჩებით, გარშემომყოფები არ მიგატოვებენ. „ჩართეთ“ სიბრძნის ღილაკი და იყავით დიპლომატიური.
სასწორი
2020 წელი შესანიშნავი სიახლეებისა და სიტუაციების წელია თქვენთვის. იღბლიანები ხართ. საქმეები მშვენივრად აეწყობა. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა ეს ხშირად გამოგდით კიდეც, რადგან ენერგიულები ხართ. მოითხოვთ სხვებისგანაც და საკუთარი თავისგანაც. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ადამიანებს შორის. ვირთხა მოგცემთ საშუალებას, რომ დაფიქრდეთ საკუთარ საქცილეზე, მოქმედებებზე, მოაგვაროთ ურთიერთობები ნათესავებთან და ახლობლებთან. რაც მთავარია, საკუთარ სასწორზე პინებს ყოველთვის აწონასწორებთ.
თუ გინდათ, რომ არ მოიწყინოთ, დაქორწინდით – ვირთხა ამაში ხელს შეგიწყობთ. წლის მასპინძელი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება ოჯახის შექმნა. თუ ვინმეს აწყენინეთ, დროა, მოძებნოთ ეს ადამიანი და სწორ გზაზე დააყენოთ.
სასწორებს, როგორც წესი, გირჩევნიათ, ყველაფერს მიადევნოთ თვალი, მაგრამ, ამავდროულად, მარტოობა – ეს თქვენთვის არაა. არ გიყვართ, როცა ვინმე ძალით ცდილობს თქვენს სულში შეღწევას. ახალ ადამიანებს მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ენდობით.
კარგად ეწყობით საერთო ატმოსფეროს. მაგრამ თუ ცუდ ხასიათზე ხართ – ამას ირგვლივ ყველა მიხვდება (და ყველას თავისი მოხვდება. გერდით შემთხვევით ჩამვლელსაც კი). ამას ვერაფერი შეცვლის (გარდა სიურპრიზებისა და საჩუქრებისა).
გიყვართ, როცა გაქებენ, ქათინაურებს გეუბნებიან. თუ სასწორთან გაქვთ საქმე, ნებისმიერ გაუგებარ ვითარებაში მუხლებში ჩაუვარდით და უთხარით, რომ „უმაგრესი ადამიანია“.
მორიელი
მორიელს ბედნიერებისთვის სულ ცოტა სჭირდება: რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ იყოს. ისე, როგორც 2+2=5. სხვის თვალში რომ სათანადო სიმაღლეზე გამოჩნდეს, ყველა მეთოდს იყენებს – ომში ხომ ყველა ხერხი კარგია. ხშირად ავიწყდება, რომ ამ ქვეყანაზე სხვა ადამიანებიც დაიარებიან და მათაც აქვთ გრძნობები. რაც მთავარია, თვითონ ხომ კმაყოფილია... მორიელს უყვარს რამე სიტუაციაში თავის გაყოფა და შემდეგ, რომ არ მოიწყინოს, მეგობრებსაც იქით ექაჩება.
ვირთხა ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. მართალია, ეს სასიამონო მომენტია და ამას უმაღლეს დონეზე ახერხებთ, მაგრამ... ამას სჯობს, რამე მნიშვნელოვანი, ღირსეული და გრძელვადიანი შეიძინოთ.
ქალ–მორიელებს სიყვარულის მორევში გადავარდნა და თავის დაკარგვა გემუქრებათ (ისეთი ამბები, მექსიკურ–კოლუმბიურ სერიალებში რომ შეშურდებათ). მაგრამ ეს თავგადასავლები ძალიან მალ–მალე დასრულდება. ასე რომ, გოგონებო–ქალებო, თავი ხელში აიყვანეთ!
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება
მამაკაცებო, დაიოკეთ ტემპერამენტი. ყველაფერი აწონ–დაწონეთ და ისე იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ ვირთხას არ უყვარს, როცა ტყუილუბრალოდ ანერვიულებენ.
მშვილდოსანი
2020 წელს ფილოსოფოსობა „გემუქრებათ“, დაიწყებთ ფიქრს ამ ცხოვრებაზე, ყოფაზე, დედამიწაზე თქვენს მისიაზე. გადახედეთ საკუთარ ფასეულობებს, ცხოვრების დანიშნულებას. ცოტა ხასიათზე უნდა იმუშაოთ. ხანდახან გარშემომყოფებზეც იფიქრეთ. ეს კარგი რამაა. თან, სასარგებლოც. მართლა!
თუ აღარ გინდათ მარტოს ხეტიალი, ვირთხა ამაში დაგეხმარებათ და იმ განძთან შეგახვედრებთ, რომელზეც მხოლოდ ოცნებობთ. ვისაც ყველაფერი აწყობს სასიყარულო ასპარეზზე, არ ფიქრობს ვითარების შეცვლაზე, მას სამუშაოში თავით გადაშვება ელოდება. მაშ, გაუმარჯოს საქმეს, სამუშაოს, შრომას! შეიმუშავეთ ცხოვრებისეული სტრატეგია, დაისახეთ მიზნები!
მშვილდოსნები ვირთხის ამოუცნობი საიდუმლოა – წარმოიდგინეთ ხალხით გაჭედილი „მარშრუტკა“, თითქოს ნემსიც ვერ ჩავარდება, მაგრამ ყოველ გაჩერებაზე მაინც ახერხებს ხალხი ასვლა–ჩამოსვლას – ვინ, სად, როგორ?.. მრავალუცნობიანი განტოლებაა...
ძალზე ფაქიზი ნატურები ხართ, მშვენიერებას განსხვავებულად აღიქვამთ და შემდეგ ეს მშვენიერი უდიდეს ემოციებს იწვევს. ცოტა ვინმეს თუ შეუძლია მშვილდოსნის რომანტიკულ სულიერ ორგანიზებას ჩაწვდეს.
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება
ვისაც სტაბილურობა და სიმშვიდე სურს – ვირთხა დაგეხმარებათ.
თხის რქა
რა განასხვავებს თხის რქას სხვებისგან? ის, რომ თხასავით ჯიუტია, ცხენივით შრომისმოყვარე და პირუტყვივით უტყვი. უყვარს, როცა სახლში სისუფთავეა, კერძი გემრიელია, სიმყუდროვეა და ყველა – ბედნიერი. ამასთან, თუ ფულიცაა ოჯახში, მეტი რაღა უნდა გინდოდეს?
გამარჯვებული თხის რქა, დაგეგმვის უნარი, მწვერვალების დაპყრობის უნარი – ეს დაგეხმარებათ, რომ ახალ კარიერულ მწვერვალებს მიაღწიოთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის დრო გამოყოთ.
ვინც არაა შეუღლებული, წელს ეს სრულიად შესაძლებელია. გეშინოდეთ ვირთხის – მან შეიძლება ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოაწყოს, ისე, რომ ვერც მოხვიდეთ აზრზე. წლის მასპინძელმა თქვენ აგირჩიათ 2020 წელს, ამიტომ ყველა სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ.
თქვენ ხომ სისუფთავისა და სახლში სიმყუდროვის შექმნის ფანატიკოსები ხართ. ამან, შესაძლოა, ძალიან გაგიტაცოთ. როცა რამეს დაინახავთ მაღაზიაში, რაც სახლისთვის გჭირდებათ, მაგ დროს უკვე „ჭკუა გეკეტებათ“.
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
ხანდახან სხვებსაც მიეცით საშუალება, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. ამდენ სიმძიმეს მარტო რატომ ათრევთ მხრებით?
მერწყული
მერწყულები – რაღაცნაირი „ამღვრეული“ ტიპები. თავი ყველაზე საუკეთესოდ მიგაჩნიათ. თვითონაც ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი პლანეტიდან ხართ. ყველაფერს შემოქმედებითი კუთხით განიხილავთ. მაგალითად, ძროხაა მოსაწველი – მაშინვე იმაზე იწყებთ ფიქრს, ეს როგორ გააკეთოთ ლამაზად, ეშხიანად, თუ „ფეისბუქზე“ პოსტია დასაწერი, თქვენში მაშინვე „მოსე მწერალი“ სახლდება. მოკლედ, შემოქმედება და მერწყული ერთი მთლიანია. სწორედ ეს გეხმარებათ საზოგადოების თვალში ამაღლებაში და საყოველთაო აღიარების მოპოვებაში. ხელმძღვანელობას ცოტა „შერეკილად“ მიაჩნიხართ, მაგრამ ასეთ ფასეულ თანამშრომელს არავის დაუთმობს. კრეატიული აზროვნება ხომ ყველაზე ჩახლართული ვითარების გახსნაში გეხმარებათ.
შუალედი რა არის, არ იცით. შეგიძლიათ ფული აქეთ–იქით ფანტოთ, შემდეგ კი მშიერ–მწყურვალი, უფულო ჯიბით აქეთ–იქით მიაწყდეთ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჰკითხოთ, ეს როგორ მოხდა, გიპასუხებთ: „ეს მე არა!“.
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
მაგრამ არაუშავს, ვირთხა მალე მოგიყვანთ გონზე და ლაგამს ამოგდებთ. ამ წლის მასპინძელს უბრალოება და სისადავე უყვარს. ღრუბლებში ფრენა მასთან არ გავა! ყურადღება მატერიალური საკითხების გადაწყვეტაზე გადაიტანეთ და შეწყვიტეთ ოცნებები (მხოლოდ ცოტა დაიტოვეთ) – ასეთ შემთხვევაში ვირთხა დაგინდობთ. თუ სიყვარულსაც იპოვით ხომ – საერთოდ!
თევზები
ძალიან ჭკვიანი ხალხი ხართ, გასაგიჟებლად ჭკვიანი. მოსმენის უნარი, რადგან საუბარი რაღაცნაირად არ გეხერხებათ, ნებისმიერ საქმეში მწვერვალების დაპყრობის საშუალებას გაძლევთ, თან, დიდი ძალისხმევის გარეშე. ვირთხას უყვარს სიჩუმე, სიმშვიდე. მაგრამ რად გინდა, თევზები სულ სხვადასხვა მიმართულებით გარბიხართ და პერიოდულად ვერ აცნობიერებთ, ვინ ხართ, რა გინდათ...
ამ წელიწადში ფინანსური სფეროც გამოკეთდება და სიყვარულშიც გაგიმართლებთ (უფრო წლის მეორე ნახევარში). რაც შეეხება ამ უკანასკნელს, შეილება სერიოზულად წამოედოთ ანკესს.
არის ალბათობა, რომ უფრო პერსპექტიულ სამუშაოზე გადახვიდეთ. ვირთხა ასევე დაგეხმარებათ კრედიტების დაფარვაში. მთავარია, ასეთი ვითარებებიდან დასკვნები გამოიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ და დრო დაუთმეთ ოჯახს.
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
რაღაც–რაღაცების გამოგონება გიყვართ. ახალ–ახალი ძალიან გიზიდავთ. ეს ოჯახურ ცხოვრებასაც ეხება. ოჯახის შექმნის შემდეგ, შესაძლოა, უცნაურმა აზრებმა შეგიპყროთ... ასეთ შემთხვევებში ვირთხამ, გაითვალისწინეთ, კარგი „შემოლაწუნება“ იცის.