მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილი: წარმოდგენილია პროექტის „აწარმოე საქართველოში" სტრატეგია

ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობა იზრდება, მაგრამ ეს თვითკმაყოფილების საბაბს არ იძლევა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ რეგიონული საინვესტიციო ჰაბის ჩამოყალიბებისკენ გზაზე ბევრს მიაღწია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" 2020-2021 წლების ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაციაზე.

ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, დეპუტატები, ბიზნესმენები, დიპლომატები და ექსპერტები.

ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა – ვინ ლიდერობს ამ მხრივ

„მიუხედავად ყველა გლობალური თუ შიდა გამოწვევისა, საქართველომ ძალიან ბევრი შეძლო და ძალიან ბევრს მიაღწია რეგიონულ საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე. საერთოდ, საქართველოსთანა მცირე ქვეყანაზე როდესაც ვსაუბრობთ, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლიდან წლამდე ბევრად არის დამოკიდებული ამა თუ იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე, ყველაზე სწორი და გამართლებული იქნება, განვიხილოთ ეს მაჩვენებელი საშუალოვადიან ჭრილში", – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ბოლო მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკისადმი ინვესტორების ნდობა იზრდება. თუმცა, მინისტრის თქმით, ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წელს ეს პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდეს. სწორედ ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ და დღეს წარმოგიდგენთ ახალ, პროაქტიულ სტრატეგიას, თუ როგორ მოვიზიდავთ უახლოეს ორ წელიწადში ინვესტორებს და როგორ გავზრდით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს", – განაცხადა თურნავამ.

ამ სტრატეგიის შედეგად უახლოეს ორ წელიწადში ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში შეიქმნება 3,5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, აღნიშნა მინისტრმა.

ახალი სტრატეგია შეიმუშავეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციების საერთაშორისო ჯგუფებმა. მუშაობა დოკუმენტზე რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში შევიდა პრიორიტეტული სექტორების ანალიზი, მოქმედებების კონკრეტული გეგმა ინვესტიციების მოსაზიდად პირდაპირი და არაპირდაპირი ინსტრუმენტების მეშვეობით.

სახელმწიფო 100 ობიექტის გაყიდვას შეუდგა

სპეციალისტებმა შეაფასეს 40-მდე სექტორი და გამოავლინეს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის – სასტუმროები და უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ელექტრონული მოწყობილობები, ავტომობილებისა და თვითმფრინავების დეტალების წარმოება და სხვ.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიმართულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ბიზნეს-სექტორის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.

რას მიიღებს მოსახლეობა პრივატიზირებული სახელმწიფო ქონებისგან>>

მსოფლიო ბანკის მოხსენების თანახმად, საქართველო Doing Business-ის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 2020 წელს მეშვიდე ადგილზეა, ხოლო 2019 წელს მეექვსე ადგილზე იყო.