რას მიიღებს მოსახლეობა პრივატიზირებული სახელმწიფო ქონებისგან

გამოწერა
სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, მთავრობამ 6 ობიექტი უკვე გაყიდა. პრივატიზებული სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებუებაც 2,7 მლნ დოლარია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის- აფბას“ ვიცე პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის აზრით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  ქონებების გაყიდვა ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა და მიმართულია იქითკენ, რომ  ქვეყანაში ინვესტიციების  რაოდენობა გაიზარდოს. ეს კი ახალი სამუშაო ადგილებია და ქართული ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავალი. 

„სახელმწიფოს აქვს უამრავი დაკონსერვებული ქონება, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში არ მონაწილეობს და რომელიც ნადგურდება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს მათ გამოყენებას, ამ ობიექტების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ნულის ტოლია, პრივატიზაციის შედეგად კი ჩნდება  მათი ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის შანსი“ - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ Sputnik- საქართველოსთან საუბრისას.

Ветряная электростанция - Sputnik საქართველო
რას მოუტანს საქართველოს ენერგეტიკას პირველი ბირჟა

გიორგი კაპანაძეს მიაჩნია, რომ თუ ამ სახელმწიფო ქონებებს ინვესტორი გამოუჩნდება, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია ისიც, რომ  სახელმწიფო კომპანიების დიდი ნაწილი ძირითადად გადის ზარალზე, რადგან სახელმწიფო მას ეფექტურად ვერ მართავს  ამიტომ რაც უფრო მეტი ასეთი ობიექტი გადავა კერძო სექტორის ხელში, მით უკეთესია ეკონომიკისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე სწორად მოხდეს ინვესტორის არჩევაც. უნდა შემოწმდეს მისი გამოცდილება და რამდენად აქვს მას აუქციონზე შესყიდული ობიექტების ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ითვალისწინებს ერთდროულად ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონების საწყისი ფასი  150 მლნ ლარია.  პროექტის განხორციელების შედეგად კი უნდა შეიქმნას 2 500 ახალი სამუშაო ადგილი.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე  ფიქრობს, რომ მართალია ერთი შეხედვით 2 500 ადამიანის დასაქმება ცოტა არ არის, მაგრამ 100 კომპანიის ხარჯზე დასაქმებულთა ეს რაოდენიბა არც თუ ისე დიდი შედეგია.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო
რა ელის ლარს და რომელ ვალუტაში შევინახოთ დანაზოგი

„ოფიციალური სტატისტიკით უმუშევართა რაოდენობა 245,7 ათას კაცს აჭარბებს, არაოფიციალური მონაცემებით აღნიშნული ციფრი გაცილებით დიდია. ქვეყანაში არსებული დასაქმების პრობლემების ფონზე, 2500 კაცის დასაქმების პერსპექტივა გარკვეული იმედის ნაპერწკალი და მცირე ნაწილის ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობაა.“ -აღნიშნა რატი აბულაძემ „Sputnik საქართველოსთან“  საუბრისას.

ეკონომისტის თქმით, უდავოა პრივატიზაციის პროცესის დადებითი ეფექტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრივატიზაციის სამიზნე ხდება არაეფექტური სახელმწიფო აქტივები, ორგანიზაციები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აქტივების არაეფექტურობას, არაეფექტიანი მართვა განაპირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საპრივატიზაციო ობიექტების შეძენა შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში მცირეა კაპიტალდაგროვების შესაძლებლობა და დაბალპროცენტიანი კრედიტის ხელმისაწვდომობა, ამიტომაც სუსტია საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაცია.

„ჯამში, აღვნიშნავ, რომ ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზა არა მხოლოდ აქტივების გაყიდვაშია, არამედ აქტივების შემქმნელი პროგრამებისა და პროექტების ინიცირებაში, საზოგადოების ეკონომიკურ აქტივიზაციაში, ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური კლასის ფორმირებაში,”- მიაჩნია რატი აბულაძეს.

დაუფასოებელი თამბაქო - Sputnik საქართველო
თამბაქოს გაძვირება – როგორც გამოსავალი ყველაზე მწეველი ქვეყნის სტატუსის მოსახსნელად?

აუქციონი მართალია ერთ კვირაში  მთავრდება, მაგრამ შეიძლება ხელმეორედაც გამოცხადდეს დარჩენილი ობიექტების რეალიზაციის მიზნით.

ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც  ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებებს და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრქუტურა, სასტუმროები და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფიქრობენ, რომ პრივატიზაციის  პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0