თბილისში გრძელდება საპროტესტო აქციები, რაც 14 ნოემბერს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნამ გამოიწვია. საპროტესტო ტალღამ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია გააერთიანა.
ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ზაფხულში გასცა დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა აზრი შეიცვალეს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. ოპოზიციამ ეს შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი და მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა.
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა ფრაქცია შექმნან>>
მომიტინგეები ითხოვენ მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რომელიც, მათი თქმით, აუცილებლად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
პროტესტმა კულმინაციას მიაღწია 17 ნოემბერს, როდესაც, ხელისუფლების დათვლით, თბილისის ცენტრში 7 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი ორჯერ მეტია.
იმავე საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება დაიწყეს – ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს, გზის სავალ ნაწილზე კი კარვები დადგეს და ბარიკადები აღმართეს.
მათ ყური არ ათხოვეს მოწოდებებს, შეეწყვიტათ პიკეტი, რადგან დეპუტატების საქმიანობის ხელის შეშლა აკრძალულია. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი ტერიტორიიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს, მაგრამ საპროტესტო აქციები ამით არ დასრულებულა.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში „მოსკოვის ხელი" არ ურევია>>
„Sputnik-საქართველომ" ქართველ ექსპერტებს სთხოვა, შეეფასებინათ თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პასუხი გაეცათ კითხვაზე – რა იქნება შემდეგ?
პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე
„კვირის აქციამ აჩვენა, რომ არავითარი მასობრივი მხარდაჭერა ამ მომიტინგეებს არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. რადგან ის ხუთი ათასი პარლამენტის შენობის წინ – სტატისტიკურად ნულია. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა თავისი მასობრივი მხარდაჭერა. ხომ შეიძლებოდა თუნდაც 30 ათასის შეკრება 3 მილიონი მცხოვრებიდან? თუ სწორი ღონისძიებები გატარდება, ეს პროტესტი მთლიანად დასრულდება".
პოლიტოლოგი ნანა დევდარიანი
„არა მგონია, გადატრიალებამდე მივიდეს, მაგრამ საპროტესტო ტალღა ერთმნიშვნელოვნად იქნება. ვინაიდან ნამდვილად ცუდია, როდესაც პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, შემდეგ კი მისი პარტიის, მისი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ კანონპროექტს აგდებენ. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვა "ქართული ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს".
პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე
„კამათობენ იმაზე, რომ მიტინგზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ სინამდვილეში ცოტა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია, „პატრიოტთა ალიანსის" გარდა, თითქოს გაერთიანდა. ეს არ არის კრიტიკული მასა იმისათვის, რომ იქ რამის მოწყობა შეძლო.
ბევრი ადამიანისთვის ესაა ელიტების ბრძოლა პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად. საქართველოს მოსახლეობა თავს მოტყუებულად რომ გრძნობდეს, ის მასობრივად გამოვიდოდა ქუჩაში და ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდებოდა".
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ მარშანია
„სამწუხაროდ, ჩვენთან რევოლუციური სცენარი მწიფდება. ეს ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება, 2020 წლის არჩევნების დროს. ეს ყბადაღებული არჩევნები პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო და ყველას თავისი წარმომადგენლობა მიეღო, ვის მეტი, ვის ნაკლები, რევოლუციური სცენარის თავიდან აცილება მოხერხდებოდა".
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე
„წარმოგიდგენიათ, პროტესტს გამოხატავს 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და მათ შეძლეს მხოლოდ 5 ათასამდე ადამიანის შეკრება?! მეჩვენება, რომ ისინი მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობენ, ვინაიდან ხალხს სიღრმისეულად არა აქვს გააზრებული – რას ნიშნავს პროპორციული სისტემით ან შერეული სისტემით არჩევნების ჩატარება".
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე
„როდესაც საუბარია ისეთ სერიოზულ პრობლემაზე, როგორიცაა არჩევნების ბედი და დემოკრატიის ბედი, 10-15 ათასი მომიტინგე ქალაქში, სადაც 1,5 მილიონი მცხოვრებია – ძალიან ცოტაა. ესე იგი, ჩვენი მოქალაქე, რბილად რომ ვთქვათ, დიდად არ არის დაინტერესებული ისეთი მექანიზმებით, როგორიც არჩევნებია".
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან მეტრეველი
„ამ საპროტესტო მოძრაობას პერსპექტივა არ გააჩნია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაღიზიანების გარდა, ეს არაფერს არ გამოიწვევს. „ნაციონალური მოძრაობის" დაქსაქსული წვრილ-წვრილი ჯგუფების მთელი ეს აურზაური ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არასოდეს არაფერს იძლეოდა. რასაკვირველია, საქართველოს მთავრობას პრობლემები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი მზადაა „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭიროს მხარი“.