თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას თხოვნა მარტვილში მდებარე ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა, იუწყება Rustavi 2.
ვინ არის ეპისკოპოსი გრიგოლი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი გახდა >>
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) პატრიარქის ბრძანებით მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შიომღვიმის მონასტერში განწესდა. თუმცა მეუფე პეტრე მაინც აცხადებს, რომ შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს. პეტრე ცაავას განცხადებით, ის სავარაუდოდ, თბილისში წავა.
„დამიკავშირდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე და გადმომცა პატრიარქის აზრი, დანაბარები, მე ვფიქრობ, რომ წამოვიდეს ეპარქიიდან და სხვაგან იყოსო“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი ამჟამად კომისიას ელოდება, რომელსაც ეპარქიას გადააბარებს, რის შემდეგაც ის თბილისში გაემგზავრება.
„მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს, ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენიმე დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია დატოვოს რამდენიმე სასულიერო პირმაც. უკვე ცნობილია, რომ ეპარქიას ტოვებს იღუმენია თამარ გამყრელიძე.
ეპარქიის ყოფილ მმართველთან ერთად ჭყონდიდის დატოვებას აპირებს რამდენიმე მონაზონიც.
„სადაც იქნება მეუფე, იქ წავალთ, იმიტომ რომ მეუფეს მხარეს არის სიმართლე და მივყვებით სიმართლეს“, - აცხადებს ერთ-ერთი მონაზონი.
წმინდა სინოდმა 31 ოქტომბერს მეუფე პეტრეს ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.
იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.