თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.
„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.
წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.