ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება

ადვოკატის არგუმენტებმა ვერ დაარწმუნა მოსამართლე ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის თავდებით გათავისუფლების მიზანშეწონილობაში
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე და მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ეგარსლან ლომაძე.

გაფლანგული მილიონები: აჭარაში ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს >>

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა" და „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება". დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ადვოკატებმა სასამართლოს ყოფილი მაღალჩინოსნების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. ადვოკატების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები საბრალდებო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებდნენ, იუწყება პირველი არხი.

„თანამდებობა არ არის პრივილეგია" – აჭარის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკების დაკავებაზე

გარდა ამისა, ბათუმის ახლანდელ მერთან, ლაშა კომახიძესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებულებმა მერიას 480 ათასი ლარის ღირებულების თავიანთი უძრავი ქონება უნდა გადაუფორმონ.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, პირველ რიგში, მსგავსი შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ ბათუმის საკრებულოს თანხმობით, მეორეც – შემოთავაზებული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს – 1 370 000 ლარს.

„სასამართლომ ტესტი ვერ ჩააბარა. კანონით, მერს შეთანხმების გაფორმების უფლება ჰქონდა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სასამართლოს არ სურს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უსაფუძვლო მოტივით. მე, როგორც ადვოკატმა, მოტივაცია დავკარგე“, – განაცხადა ლევან მახარობლიშვილმა.

პროკურატურის თანამშრომლებმა ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააკავეს >>

სექტემბრის ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე შვიდი დაკავებულიდან ოთხს გირაო შეუფარდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების ყოფილი უფროსი ბაგრატ ხალვაში, ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე 100-100 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმის დეტალები

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი პროექტ „იაფი სახლის" ფარგლებში საცხოვრისის მშენებლობაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოხსენებულმა პირებმა, რომლებიც იმ დროს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები იყვნენ და მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდნენ.

საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა

ტენდერის პირობების თანახმად, შენობების მშენებლობისას უნდა გამოეყენებინათ მსუბუქი ფოლადისგან დამზადებული თხელი კონსტრუქციები. ამასთან, ტენდერის გამოცხადებამდე კომისიის წევრებმა იცოდნენ, რომ მსგავს შენობებს აშენებდა საქართველოში დარეგისტრირებული მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც ასეთი პროექტის განხორციელება ადრეც შესთავაზეს.

ტენდერი გამოცხადდა ბაზრის ფასების კვლევის გარეშე, მხოლოდ ხსენებული კომპანიის საპროექტო და საანგარიშო დოკუმენტაციის საფუძველზე.

შედეგად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ – Convent Georgia-მ, რომელიც უცხოური საწარმოს ფილიალია.

საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის >>

გამოძიების ცნობით, ტენდერში კომპანია Convent Georgia-მ გაიმარჯვა. მან თანხა მას შემდეგ მიიღო, რაც კომისიას წარუდგინა შეთანხმების საბანკო უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც ლონდონში დარეგისტრირებულმა Point Bank LTD-მ გასცა. როგორც პროკურატურამ გამოარკვია, Point Bank LTD არ არის ბანკი, უფრო მეტიც, იგი არააქტიური კომპანიაა.

ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ ბათუმის მაშინდელმა მერმა გიორგი ერმაკოვმა არჩილ ვანაძეს, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს დაავალა Point Bank LTD-ს საიმედოობის, გადახდისუნარიანობისა და რეიტინგის შესწავლა. ამ უკანასკნელმა გაარკვია, რომ კომპანიას რეიტინგი არ ჰქონდა.

კორუფცია ტექდათვალიერებისას: პასუხისგებაში 7 პირია მიცემული

იმავდროულად ბათუმის მერიამ მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საბანკო გარანტია უნდა გაეცა მხოლოდ საიმედო საერთაშორისო ან ქართულ კომერციულ ბანკს.

პროკურატურის მტკიცებით, ერმაკოვმა და სატენდერო კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს ეროვნული ბანკის რჩევა და ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, შეეჩერებინათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Convent Georgiа-სთან, ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს. ხელშეკრულება 4,3 მილიონი ლარის ოდენობის თანხაზე გაფორმდა.

ამის შემდეგ Convent Georgiа-მ მერიას Point Bank LTD-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტია წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეგარსლან ლომაძემ (მერიის ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსი) და მისმა მოადგილე არჩილ ვანაძემ იცოდნენ, რომ Point Bank LTD ბანკი არ იყო და მის მიერ გაცემული საბანკო გარანტია საიმედო საბუთს არ წარმოადგენდა, მაინც გადარიცხეს Convent Georgiа-ს ანგარიშზე 1,6 მილიონი ლარი ავანსის სახით.

კალაძე: ნუ აიღებთ ქრთამს, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, მოგვმართოს >>

კომპანიამ, თავის მხრივ, შეასრულა მხოლოდ 251,1 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სერიოზულად იზარალა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.