ყველა სიახლე - განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ნაწილია. რეფორმა 2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის თაოსნობით დაიწყო.
სამინისტროს გეგმის მიხედვით, რეფორმა, რომელიც 2024 წლამდე უნდა გაგრძელდეს, ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების ისეთი თაობის აღზრდას, რომელიც ისწავლის არა იმისათვის, რომ გამოცდები ჩააბაროს, არამედ იაზროვნებს ანალიტიკურად, შეძლებს სწრაფი და მართებული გადაწყვეტილებების მიღებას, რის გარეშეც თანამედროვე სამყაროში ცხოვრება შეუძლებელია.
ახალ სასწავლო წელს სკოლის მერხებს 54,6 ათასი პირველკლასელი მიუჯდება, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა კი 591,8 ათასია.
ახალი კომპიუტერები პირველკლასელებისთვის
ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი ახალ კომპიუტერებს მიიღებს გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობებით. ყველა სკოლა აღიჭურვება უკაბელო ინტერნეტით და კომპიუტერებით.
საქართველოს სკოლებში ნეტბუქების დარიგება სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ნეტბუკები მიიღო რამდენიმე სკოლამ. ერთი წლის შემდეგ კომპიუტერები ყველა პირველკლასელს დაურიგდა.
ნეტბუქში ჩატვირთულია სპეციალური სასწავლო პროგრამები ქართულ და უცხო ენაზე, მათემატიკა, ლოგიკა, ასევე კლასგარეშე სავარჯიშოები.
მეტი უსაფრთხოება
მანდატურები წელს საქართველოს სახელმწიფო სკოლების 80%-ში იმუშავებენ. დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებში წესრიგსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნებიან სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლები - სულ 550 ადამიანი.
მანდატურების სამსახური ქართულ სკოლებში 2010 წლიდან დაინერგა პროგრამა „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში. ეს სამსახური ექვემდებარება განათლების სამინისტროს. ქვეყნის პოლიციის აკადემიაში 2021 წლამდე 1,3 ათასი მოქმედი მანდატურის გადამზადება იგეგმება.
პროექტი „ხელოვნება სკოლაში“
სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში დაიწყება ახალი პროექტი „ხელოვნება სკოლებში“. ის აერთიანებს კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს და მოიცავს სამ პროგრამას: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.
რამდენი ახალი სკოლა აშენდება საქართველოში ორ წელიწადში>>
პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ამოქმედება საპილოტე რეჟიმში მაისში დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სკოლების VII-XI კლასების 808 მოსწავლემ. მაგალითად, პროგრამის „სკოლა მუზეუმში“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს დაათვალიერებინებენ ეროვნული მუზეუმის მდიდრული ფონდის კოლექციებს. ბავშვები შეისწავლიან უნიკალურ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ საგნებს, მდიდარ შუა საუკუნოვან მემკვიდრეობას, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებსა და მსოფლიო ფერწერულ შედევრებს.
დისციპლინა „სკოლა თეატრში“ მოსწავლეებს გააცნობს სკოლის პროგრამაში შეტანილი ნაწარმოებების მოტივებზე დადგმულ თეატრალურ ნამუშევრებს. ამასთან, მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ მსახიობებს და მეტი გაიგონ კულისების მიღმა ცხოვრებაზე. მაისიდან პროგრამა თბილისის მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ დრამატულ თეატრში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.
რაც შეეხება პროგრამას „კინო სკოლაში“, ის მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. პროექტის ფარგლებში კვირაში ერთხელ სკოლებში გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩატარდება მეცადინეობები, რომლებზეც ბავშვებს კინემატოგრაფზე უამბობენ. სკოლაში ბავშვები ნახავენ საუკეთესო ქართულ და უცხოურ ფილმებს. პროგრამა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
გასავითარებელი პროექტები
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად დაინერგება პროექტები „ევრიკა“ და „გამარჯობა რუბი“. საჯარო სკოლები ახალ საგნებს სასწავლო პროცესს სურვილის შემთხვევაში დაამატებენ. სხვადასხვა საგანში არასტანდარტული გასართობი გაკვეთილების დამატება, ასევე კომპიუტერული მეცნიერებების ინტერაქტიული ათვისება დაწყებითი კლასებიდან დაიწყება.
„დედაენასთან“ დაბრუნება
საჯარო სკოლებმა წინა სასწავლო წლის დასრულებისას აირჩიეს სახელმძღვანელოები, რომლებითაც პირველკლასელებს წერა-კითხვას შეასწავლიან. თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განათლების სამინისტრომ ექსპერტთა საბჭოს დახმარებით სექტემბრისთვის მოამზადა დამატებითი სახელმძღვანელო, რომელიც შედგენილია იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით. გოგებაშვილის „დედაენით“ ქართველ ბავშვებს წერა-კითხვას 1880 წლიდან ასწავლიდნენ. წელს სკოლას, დირექციის სურვილით, შეუძლია განახლებული „დედაენა“ სასკოლო პროგრამაში ჩართოს.
განახლებული საგნები
მოსწავლეებს „სამოქალაქო განათლებას“, IX კლასის ნაცვლად, ახალი სასწავლო წლიდან VII კლასიდან შეასწავლიან. ახალ სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ბუნების დაცვას. ბავშვებს გააცნობენ ბულინგის პრობლემას სკოლებში, ასწავლიან, როგორ აირიდონ თავიდან კონფლიქტები და როგორ იმოქმედონ სტრესულ სიტუაციებში.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, წინა სასწავლო წელს ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, გაერთიანებული იყო ერთ სახელმძღვანელოში - „საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“. ამიერიდან სკოლის მოწაფეები ფიზიკასა და ბიოლოგიას შეისწავლიან, როგორც ცალკე საგნებს მეშვიდე კლასიდან, ქიმიას კი - მერვე კლასიდან.
ჩინური სკოლებში
უკვე ახალ სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სტატუსით ჩინურის შესწავლა დაიწყება. დღეისათვის აუცილებელი უცხო ენა ქართულ სკოლებში ინგლისურია. მას მოსწავლეები პირველი კლასიდან სწავლობენ. ზოგიერთ საჯარო სკოლაში ასწავლიან ასევე რუსულს, იტალიურს, გერმანულს, ფრანგულს, მაგრამ მეორე უცხო ენის სტატუსით. ახლა ამ სიას ჩინურიც მიემატება.
გამოსაშვები გამოცდების გაუქმება
ეს გადაწყვეტილება შედარებით ახალი მიღებულია - წელს მოსწავლეებს აღარ მოუწევთ გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება და საგნების დაზეპირების ნაცვლად, ისინი შეძლებენ, მთელი თავიანთი დრო და ენერგია სააზროვნო პროცესისკენ მიმართონ. ასე ფიქრობენ სამინისტროში.
ადრე გამოცდები ორ ეტაპად ბარდებოდა - XI და XII კლასებში. XI კლასის მოსწავლეები აბარებდნენ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და გეოგრაფიას. დანარჩენ საგნებს კი აბარებდნენ XII კლასში.
მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა>>
გასული სასწავლო წლის დასრულებისას ყველა გამოსაშვები გამოცდა გაუქმდა. ასე რომ, ამიერიდან დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ისწავლიან ზედმეტი დაძაბულობის გარეშე და მხოლოდ უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე იფიქრებენ.