თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს 108 საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სრულფასოვანი კომპიუტერები ნეტბუქების ნაცვლად: რა სიახლეები ელოდებათ პირველკლასელებს>>>
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მაღალმთიან რეგიონებში. ამ კუთხით ლიდერობს მაღალმთიანი აჭარა, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის ათ საჯარო სკოლასა და ხულოს მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლაში წელს პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. პირველკლასელების გარეშე დარჩა ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლა, ამბროლაურის – ექვსი, დუშეთის – შვიდი და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული ათი საჯარო სკოლა.
ქვეყნის მასშტაბით დიდია ისეთი სკოლების რიცხვიც, სადაც წელს მხოლოდ ათამდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. ასეთი სკოლები ათასს აღემატება, მათ შორის 45-მდე კერძო სკოლაა.
გასულ წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 50,2 ათასზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა, კერძო სკოლებში კი 5,8 ათასზე მეტი. ჯერჯერობით არ მოიპოვება კონკრეტული მინაცემები, თუ რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა წლევანდელი სასწავლო წლისთვის.
ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე კომპიუტერებს მიიღებს. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც კომპიუტერებით, ისე უკაბელო ინტერნეტით.
საქართველოს განათლების სამინისტრო ქვეყანაში „ახალი სკოლის მოდელს" ნერგავს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც თითოეულ მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს და უზრუნველყოფს მას ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა XXI საუკუნეში.
სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოში 2010 წელს დაიწყო. მაშინ ნეტბუქები რამდენიმე სკოლამ მიიღო, 2011 წლიდან კი იგი თითოეული პირველკლასელის მერხზე გაჩნდა.
საქართველოში დღეისთვის 2084 სკოლაა.