„რუსთავი 2“-ის საქმე: ზურაბ იაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ზურაბ იაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში  აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, იუწყება პირველი არხი.

„რუსთავი 2"-ის საქმე: გვარამიასთან ერთად ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა >>

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ზურაბ იაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

„ფეხზე დგომით ვართ...“ - რა სიტუაციაა „მთავარ არხზე“

საქართველოს პროკურატურამ 6 სექტემბერს ბრალი წაუყენა რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიასა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელსაც ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა.

დამენიას ბრალი ედება „რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალდებები ყველა ამ მუხლით, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" მუხლით წარდგენილი აქვს „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ „რუსთავი 2"-ის ინტერესების საზიანოდ მისი მეგობრების კომპანია „ინტერ მედია პლუსისთვის" მრავალმილიონიანი მოგების მისაღებად პირობები შექმნა. 2015 წელს სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მას ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების ნებას აძლევდა. იმ წელს „რუსთავი 2"-ს 7,4 მლნ ლარის ოდენობის ზიანი მიადგა, „ინტერ მედია პლუსის" შემოსავალმა კი 8,7 მლნ ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინეს >>

„რუსთავი 2"-ს მფლობელი ივლისში შეეცვალა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ტელეკომპანია უკვე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, რომელიც გვარამიამ ხელისუფლების დაკვეთის შესრულებასა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს კი გვარამიამ მის წინააღმდეგ დევნა უწოდა, რადგან მისი მმართველობის პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2" ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამოირჩეოდა.