თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიასა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელსაც ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა.
დამენიას ბრალი ედება „რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პროკურატურა გეგმავს სასამართლოს დამენიასა და იაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართოს.
ბრალდებები ყველა ამ მუხლით, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" მუხლით წარდგენილი აქვს „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.
პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ „რუსთავი 2"-ის ინტერესების საზიანოდ მისი მეგობრების კომპანია „ინტერ მედია პლუსისთვის" მრავალმილიონიანი მოგების მისაღებად პირობები შექმნა. 2015 წელს სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მას ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების ნებას აძლევდა. იმ წელს „რუსთავი 2"-ს 7,4 მლნ ლარის ოდენობის ზიანი მიადგა, „ინტერ მედია პლუსის" შემოსავალმა კი 8,7 მლნ ლარი შეადგინა.
„რუსთავი 2"-მა მფლობელი ივლისში შეიცვალა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ტელეკომპანია უკვე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, რომელიც გვარამიამ ხელისუფლების დაკვეთის შესრულებასა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს კი გვარამიამ მის წინააღმდეგ დევნა უწოდა, რადგან მისი მმართველობის პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2" ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამოირჩეოდა.
ორშაბათს მაუწყებლობას იწყებს ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელევიზია „მთავარი არხი", რომელსაც ასეთივე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა ექნება.
საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს გვარამიას ბრალდებებს და აცხადებს, რომ მათ ინტერესებშია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა.