როდესაც დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია... დაიცავით ბავშვის უფლებები

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი უმამოდ იბადება, ან ოჯახები ბავშვის გაჩენამდე ინგრევა. სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამები უარს ამბობენ შვილებზე. ეს ყველაფერი კი არასრულწლოვანის ინტერესებს ძალიან აზიანებს.
Sputnik

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ნებისმიერ ბავშვს უფლება აქვს, ფლობდეს ინფორმაციას მისი მშობლების შესახებ და, მისი უფლებების დაცვის მიზნით, დაბადების მოწმობაში მითითებული უნდა იყოს ბიოლოგიური მშობლების მონაცემები. თუმცა, ხშირად მამები არ აღიარებენ შვილებს და დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელი რჩება.

დაიმახსოვრეთ, ბავშვთან დაკავშირებული დავების განხილვისას სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაა. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

რა შემთხვევაში ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

რა უნდა გააკეთოს ოჯახმა ან სახელმწიფომ ასეთ შემთხვევებში ბავშვის ინტერესების დასაცავად? გამოსავალი სავარაუდო ბიოლოგიური მამის მიმართ სასამართლოში სარჩელის შეტანაა.

გაითვალისწინეთ, სარჩელი, ფაქტობრივი და სამართლებრივი კუთხით, საფუძვლიანი და დასაბუთებული უნდა იყოს და თან უნდა ერთოდეს იმ სახის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს პირის ბიოლოგიური მამობის ფაქტს.

რა არის ეს მტკიცებულებები?

მსგავსი სახის დავებში არსებითი სახის მტკიცებულებას წარმოადგენს:

1.  ე.წ. დნმ-ის ანალიზი, რომლითაც კონკრეტული პირის მამობის ფაქტის დადგენაა შესაძლებელი.  

2. ზოგ შემთხვევაში მამობის დადგენას მხარეები ცდილობენ მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა ამ კატეგორიის დავებში უმთავრესი მტკიცებულების სახეს მაინც ე.წ. დნმ-ის ანალიზი წარმოადგენს.

თუ მიხვდით, რომ ქონება უღირსს აჩუქეთ – იცოდეთ თქვენი უფლებები

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური მამა უარს განაცხადებს დნმ-ანალიზის ჩატარებაზე?

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბიოლოგიური მამა არ დაეთანხმება მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნას და უარს განაცხადებს ანალიზის ჩატარებაზე, სასამართლო მოსარჩელის (დედის) შუამდგომლობის საფუძველზე ნიშნავს ექსპერტიზას მამობის დადგენის მიზნით, ხოლო ექსპერტიზის ხარჯებს აკისრებს მოპასუხე მხარეს.

 რა ხდება, თუ მამობა დადგინდება?

თუ დადგინდა ბიოლოგიური მამის ვინაობა, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევა ცვლილება და მამის მონაცემები მიეთითება, არასრულწლოვანს მამის მიმართ წარმოეშობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უფლებები და მოვალეობები. ასევე როგორც კი ძალაში შევა მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება და დაბადების სააქტო ჩანაწერში შევა ცვლილება, არასრულწლოვანის დედას შეძლია მიმართოს სასამართლოს და ბიოლოგიური მამისთვის მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება.

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი და მამა პეტრე – რატომ ანადგურებს ბრბო განსხვავებულ ადამიანებს

გაითვალისწინეთ, რომ სანამ მამობა ოფიციალურად არ იქნება დადგენილი, არასრულწლოვანი მამისგან მემკვიდრეობის მიღების უფლებით ვერ სარგებლობს. ასევე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, დაქორწინებული და დაუქორწინებელი მშობლების შვილები თანაბარი უფლებებით არიან აღჭურვილი.  

ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, იზრუნეთ ბავშვების ინტერესებზე და თუ მამა უარს ამბობს შვილზე, მამობის დადგენის მიზნით მიმართეთ სასამართლოს. ამით, უპირველეს ყოვლისა, თქვენი შვილის უფლებებს დაიცავთ.