ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი და მამა პეტრე – რატომ ანადგურებს ბრბო განსხვავებულ ადამიანებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალგაზრდები პარკში
ახალგაზრდები პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ სურს ადამიანს, რომ იყოს განსხვავებული… იქნებ იმიტომ, რომ ის მართლაც არის განსხვავებული და ამაზე ყველანი ერთხმად ვთანხმდებით? თუმცა…

დღეს ადამიანთა გარკვეული ფენა ისე გამოხატავს საკუთარ აზრს, როგორც მათ სურთ; ისე იქცევიან, როგორც მათი სულიერი მხარე თვლის საჭიროდ: იცვამენ განსხვავებულად, არ ემორჩილებიან საზოგადოების „წესებს“, მათთვის მოსაბეზრებელია დოგმატური შეხედულებები და ცდილობენ საკუთარის დანერგვას, ცდილობენ მაქსიმალურად შეებრძოლონ ტრადიციებს და არ დაემსგავსონ „ყველას“.

ზოგჯერ კი ხალხს არ ესმის „განსხვავებული“ ადამიანების და მათში მხოლოდ მიზანთროპ არსებებს ხედავენ... კაცთმოძულენი კი თავისთავად უკვე საშიშნი ხდებიან.

ალბათ პრობლემას საზოგადოების ინტელექტის დაბალი დონე იწვევს. ადამიანი ყოველთვის უფრთხოდა და გმობდა იმას, რაც არ ესმოდა... ერთმანეთის შემყურე მასა, რომელიც განსხვავებულ აზრს შიშის თვალით ხვდება, საბოლოოდ მიზანს ხშირად მაინც აღწევს…

იბადება კითხვა: რატომ სურს ადამიანს, რომ იყოს განსხვავებული? იქნებ იმიტომ, რომ ის მართლაც არის განსხვავებული და ამაზე ყველანი ერთხმად ვთანხმდებით? თუმცა, ვარაუდების მოსმენის ნაცვლად ფსიქოლოგს, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელს ნონა ხიდეშელს და დეკანოზ პეტრეს (კვარაცხელია, პეტრე კოლხი) ვთხოვეთ ესაუბრათ და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორ ხსნის აღნიშნულ თემას რელიგია და ფსიქოლოგია.
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი

© Photo: Courtesy of Nona Khidesheliნონა ხიდეშელი
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი და მამა პეტრე – რატომ ანადგურებს ბრბო განსხვავებულ ადამიანებს - Sputnik საქართველო
ნონა ხიდეშელი

განსხვავებულობა არის ინდივიდუალიზმი, რომელიც ადამიანმა უნდა იპოვოს. ადამიანი რომ უნიკალურია, ეს მხოლოდ ფრაზა არ არის, ეს არის არაცნობიერში არსებული მისი უნიკალური სახე. ის, რომ ზოგადად ადამიანს უნდა, რომ იყოს განსხვავებული, ეს მისი სამყაროდან და უნიკალურობიდან მოდის. შესაბამისად, გამოხატულებები ხშირად გარეგნულია და ეს ბუნებრივია, რადგან დედამიწაზე გამოხატულებები ფიზიკურ დონეზე ხდება. მეტი განვითარება ამ ეტაპზე ცნობიერებას არ აქვს. გარკვეულწილად აქ ჩართულია ამბიციები, ეგოცენტრულობა და ვრცლად იშლება.

ადამიანს, ერთი მხრივ, მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზმისკენ, მეორე მხრივ კი, ერგება კოლექტიურ აზროვნებას და ებრძვის ინდივიდუალიზმს. საზოგადოება კი ვერ იღებს განსხვავებულ ადამიანს. რამდენად გრძნობს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანს – ეს კიდევ სხვა თემაა. რეალურად განსხვავებულობა – ეს არის აბსოლუტური ინდივიდუალიზმი, რომელიც არ ყვირის, არ ჩანს. მასას კი თავისი სტერეოტიპები აქვს, შექმნილი სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს ამ სოციუმში ადამიანი. ზოგადად კონკრეტულ ადამიანს კი არ ერჩიან, უბრალოდ ძალიან ემორჩილებიან იმ სტერეოტიპებს, რომლებიც შექმნილია გადარჩენის, უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ვინმე ამოვარდნილია ამ საერთო ფორმიდან, საზოგადოებას უჩნდება აგრესია. არანაკლებ როლს თამაშობს შურიც. საზოგადოებას არ უყვარს ინდივიდები, რადგან განსხვავებულობა ადამიანს აშინებს.

მაინც ყველაფერი მიდის ადამიანის შინაგან შეუმდგარ ბუნებამდე. ადამიანი ეძებს, მაგრამ არ იცის რას. სინამდვილეში სისრულეს, საკუთარ თავს ეძებს. ამის გარეშე კი ყველაფერი სუროგატია. შესაძლოა არასრულფასოვნების კომპლექსის გამოც სურდეს ადამიანს გამოიყურებოდეს განსხვავებულად: ფერად-ფერადი თმები, საყურეები, ტატუები – ეს ყველაფერი თავისებურად ლამაზია, მაგრამ ამის სურვილი კომპლექსებიდან არის გამომდინარე, რასაც აყალიბებს სოციუმი, რადგან, როგორ კარგადაც არ უნდა იყო, მაინც გაგრძნობინებენ, თითქოს არავინ ხარ. არასრულფასოვნების განცდა ყალიბდება კომპლექსად.

როდესაც ხვდები, რომ აღარ ხარ მასის ნაწილი და ხარ ინდივიდი, აღარ გაქვს სურვილი ტანსაცმელზე, ტატუებზე, თმებზე გააკეთო აქცენტი. მაგრამ სანამ არ არის შინაგანი ტრანსფორმაცია, მანამდე არის სურვილი გარეგნულად რაღაცის შეცვლის და ატყუებ მხოლოდ საკუთარ თავს. თუმცა ეს მიუღებელი არ არის მაშინ, როდესაც თინეიჯერს პირველი გამოვლინება აქვს ასეთი.

საკუთარ პიროვნებაზე უნდათ ხაზგასმა, რადგან კოლექტივი ყლაპავს ყოველთვის ინდივიდს. გაქვს სურვილები, ამბიციები, მაგრამ ზიხარ გაკვეთილზე და მასწავლებელი ყველას ერთ დონეზე გესაუბრებათ, არ ჩანხარ, უფლებები არ გაქვს, მიღებული დისციპლინის დაცვა გიწევს. სახლშიც გეუბნებიან – არც ეს გააკეთო და არც ის, დისციპლინა დაიცავი... ამ დროს კი საკუთარი სურვილების გამოხატვა სჭირდება ადამიანს. საკუთარი ხედვის გამოხატვა უნდა, იმ ფერების გადმოცემა უნდა, ის როგორც ხედავს სამყაროს. მთელი ჩვენი სვლა ცხოვრებისკენ არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენში არის ძალიან მრავალფეროვანი სამყარო...

მამა პეტრე კოლხი

© photo: Petre Kolxi / FBმამა პეტრე კოლხი
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი და მამა პეტრე – რატომ ანადგურებს ბრბო განსხვავებულ ადამიანებს - Sputnik საქართველო
მამა პეტრე კოლხი

ნებისმიერი ადამიანი არის განსაკუთრებული და განსხვავებული უფლის წინაშე. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ განსხვავებულს ზურგი უნდა ვაქციოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ. საზოგადოებას ყოველთვის უჭირს განსხავებული აზრის მიღება. ზოგჯერ ხალხს არ ესმის განსხვავებული ადამიანების. ამის მიუხედავად ადამიანმა გაუკვალავი ბილიკებით, თავისი გზით უნდა იაროს, მერე რა მოხდა, რომ სხვისთვის, შეიძლება, მიუღებელი აღმოჩნდეს ეს გზა. მთავარია ადამიანი იყოს ზნეობის, მორალის და სიწმინდის დამცველი. ადამიანის შინაგან მდგომარეობას ხშირად გარეგნული ნიშნები ასახავს, განსაკუთრებით მოზარდებს სურთ წარმოაჩინონ, რომ არიან განსხვავებულნი, გამორჩეულნი, განსაკუთრებულნი. ასეთ დროს მათ აქვთ სურვილი შეიტანონ ცვლილებები გარეგნობაში, მაგრამ გარდატეხის ასაკის შემდგომ პერიოდში ამ ყველაფერს უარყოფენ და უბრუნდებიან საწყის ეტაპს. ამ პერიოდის შემდგომაც თუ იგივე სირთულეები ახასიათებთ მათ, ეს უკვე მხოლოდ ასაკის ბრალი არ არის. ეს ხასიათის ბრალია.

ადამიანები მეტ-ნაკლებად უცნაურობებით გამოვირჩევით, ყველა თავისებურია, მაგრამ მთავარია ჩვენ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. თმის ფერსა და საყურის ტარებაში არ არის ტრაგედია, ტრაგედია ის არის, როდესაც ადამიანი სხვას აყენებს ტკივილს და შეურაცხყოფას. მთავარია, რომ ადამიანმა თავის ადამიანურ ბუნებას და ხასიათს გაუწიოს წინააღმდეგობა და მას არ აუჯანყდეს. მთავარია ჩვენს ნამდვილ საწყის ეტაპს – ადამიანურ ბუნებას უარი არ ვუთხრათ და არ მოვიშოროთ. სხვა დანარჩენი კი ბუნებრივია – მოდას აყოლილები არიან, ხან დეპრესიის ფონზე ცვლილებების შეტანა სურთ. ეს ყველაფერი ფუჭი და ამაოა, რადგან დეპრესიას, სტრესს, სიმძიმეს და დაძაბულობასაც ღმერთთან სიახლოვე ხსნის. დანარჩენი თავის მოტყუებაა. მაგრამ თუ ადამიანს შველის თმის ფერის შეცვლა, ესეც შეიძლება დავუშვათ, მხოლოდ ზომიერების ფარგლებში, რომ ამ სურვილებმა საბოლოოდ უფსკრულის პირამდე არ მიიყვანოს.

ყველას გვახასიათებს უცნაურობა, მთავარია ამ უცნაურობების მიღმა და მაღლა დავდგეთ. როდესაც ადამიანი სრულ დეპრესიაშია და ვერ შველის თუნდაც თმის შეღებვა თუ ტატუს დახატვა, ყველაფერი სუიციდამდე მიდის, როდესაც თავს ვერ აკონტროლებს და მას ვერაფერი აჩერებს. ამიტომ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ დეპრესიის წამალი გარეგნობის შეცვლა არ არის, ამით შინაგანი ბუნება არ დამშვიდდება. მთავარია შინაგანად მოვწესრიგდეთ. ღმერთს არ უნდა ავუჯანყდეთ. შინაგანი მოწესრიგებულობა კი ქრისტეს გზაზე გადის. ყველა ადამიანს, მორწმუნე არის თუ ურწმუნო, საბოლოოდ ღმერთთან შეხვედრა მოუწევს. ჩვენ შეიძლება კონკრეტულ ადამიანებზე ვიყოთ გაბრაზებული მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მაგრამ ღმერთზე ჩვენ არ უნდა გავბრაზდეთ, რადგან ეს არ არის ჯანსაღი. ყველა ჩვენგანმა ჩვენი თავით და უფლით უნდა გავიტანოთ ის სირთულეები, რასაც ცხოვრება კი არ გვიმზადებს, არამედ არასწორი ცხოვრების წესით ვუმზადებთ საკუთარ თავს.

ყველა ახალი ამბავი
0