გახარიას მოწინააღმდეგეები საღამოს კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ

მომიტინგეები მოითხოვენ, რომ გიორგი გახარიამ მთავრობა დატოვოს
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდა აქტივისტები და ოპოზიციონერები საპროტესტო აქციას მართავენ - მთავარი მოთხოვნაა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გახარიას გადადგომა და პრემიერ-მინისტრად მისი არ დანიშვნა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

თბილისი დღეს: ხმაური პარლამენტში, „სირცხვილის დერეფანი“ და დაანონსებული აქცია >>

აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის არიან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი, პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატი ელენე ხოშტარია, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და სხვა პოლიტიკოსები.

„კულტურული ფორმით წავიდა" – ივანიშვილი ბახტაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ

სიტყვა ეძლევა მხოლოდ ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებს უკვე მესამე თვეა მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებებისთვის და პოსტი დატოვოს.

„გახარიას კანდიდატურა უნდა ჩავარდეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

ასეთი კომენტარი გააკეთა მან 8 სექტემბრისთვის დაანანსებულ პარლამენტის სხდომასთან დაკავშირებით, რომელზეც პრემიერ-მინისტრის, მის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მიმართ ნდობის გამოცხადების პროცედურა უნდა გაიმართოს. ამისათვის მმართველ პარტიას საკმარისი ხმები გააჩნია.

ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა >>

დიღმელაშვილმა ასევე 20-21 ივნისის აქციაზე არეულობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეების ობიექტური გამოძიება მოითხოვა. იმ ღამეს მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

საპარლამენტო არჩევნები 2020: გამოცხადდა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ვადები

„პატიმრობაში მყოფი 19 ადამიანის საქმეები უნდა გამოიძიონ, მაგრამ ისე არა, რომ ჯერ პირობას დადებენ, მერე კი მიჩქმალავენ ხოლმე“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

„გარდა ამისა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცედურები. მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩაატარონ ყველა საჭირო სხდომა და შეასრულონ ის, რაც დაგვპირდნენ“, - ხაზგასმით აღნიშნა დიღმელაშვილმა.

პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კომისია, რომელიც კონსტიტუციაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების საჯარო განხილვას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

საქართველოს წარმავალი პრემიერი პოლიტიკაში ახალ სახეებს ელოდება >>

რაც შეეხება მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. მან აღნიშნა, რომ დაკისრებული მისია შეასრულა, მაგრამ პარტიიდან წასვლას არ აპირებს. ბახტაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის თავის თანამშრომლებსა და მოსახლეობას.

ამჟამად მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია.