თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ატენის ხეობაში ხანძარი დღეს შუა დღეს გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვან ხეებზე გავრცელდა და ხეობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო.
მეხანძრე-მაშველები გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომელიც მუშაობას გამთენიისას განაგრძობს. ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის ინტენსიური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადარჩენილია წიწვოვანი ტყის უმეტესი ნაწილი. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, აცხადებენ უწყებაში.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარმა 3 ჰა ფართობი მოიცვა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და მუდმივ რეჟიმში განახორციელებენ ცალკეული, მცირე კერების დამუშავებას და მის მონიტორინგს.
რაც შეეხება ხანძარს ახალსოფლის მახლობლად, ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამჟამად ხანძრის ღია კერები არ შეინიშნება, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ და დაამუშავებენ ყველა ადგილს, სადაც მინიმუმ კვამლს შენიშნავენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 40 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ვერტმფრენი და 70 მეხანძრე-მაშველი.
სპეციალისტებმა ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა დაიწყეს, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.