ტურისტული სეზონი ჩავარდა: ქობულეთში სასტუმროების მფლობელები მიტინგს აწყობენ

მომიტინგეები აცხადებენ, რომ თუ პრობლემა არ გადაწყდება, პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქობულეთის მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას საბანკო ვალების გასტუმრებაში დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ვალის გადახდას ვეღარ ახერხებენ, იუწყება პირველი არხი.

სასტუმროები, ტურისტების რიცხვის შემცირების გამო, რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მომიტინგეების განცხადებით, ტურისტები ჩამოდიან, მაგრამ კურორტებზე მხოლოდ მცირე ხნით - ორი-სამი დღით რჩებიან. ეს ქობულეთის მცირე და საშუალო სასტუმროებზე ძლიერ აისახა.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტურისტულ სფეროს დადებით დინამიკას დაუბრუნებს

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ ვალების რესტრუქტურიზაციაში ან პროცენტების სუბსიდირებაში, რომლებიც მათ ტურისტული სეზონის დაწყებამდე აღებული კრედიტისთვის უნდა გადაიხადონ.

მომიტინგეების განცხადებით, გაუქმებულია ჯავშნები. ზოგიერთი მეწარმის ზარალი ჯავშნების მოხსნის გამო 80 ათას ლარს აღწევს. საბანკო ვალის გადახდის დაწყების ვადა 20 აგვისტოა.

სასტუმროების მომიტინგე მფლობელებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეხვდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მეწარმეების პრობლემების გადაწყვეტისთვის ერთობლივ მუშაობას უკვე შეუდგა.

„განიხილება საბანკო სესხების პროცენტების სუბსიდირების საკითხი, მაგრამ ეს რთული პროცესია, საჭიროა კონკრეტული კრიტერიუმების შემუშავება, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი დაზუსტდება და მოსახლეობა მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას", - განაცხადა ქათამაძემ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ პრობლემა არ გადაიჭრება, აქციები უფრო მასშტაბური გახდება.

საქართველოს ტურისტულ სფეროში რეკორდი ვერ დამყარდა - სტატისტიკური მონაცემები>>

როგორც უფრო ადრე ქვეყნის პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ივლისის მონაცემებით, ზარალმა ტურიზმის სფეროში 60 მილიონ დოლარს მიაღწია, მაგრამ, მისი განცხადებით, ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა აჭარაში ივნისში, როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმის 40 პროცენტით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მიმოხილვის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში ტურიზმის შემოსავლები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13,3 პროცენტით შემცირდა.

რას მოუტანს სასტუმროების ბიზნესს მთავრობის ახალი ინიციატივა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემოსავლებმა ტურიზმიდან გასულ თვეში 374,7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 432,5 მლნ დოლარი იყო.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიაფრენები 8 ივლისიდან აკრძალა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებას, შესაძლოა, 750 მილიონი დოლარის ზარალი მოჰყვეს.

საქართველოში პირდაპირი ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული სეზონის ჩავარდნის შესახებ განაცხადა, რადგან პირველ ექვს თვეში რაოდენობის მხრივ, რუსი ტურისტები ლიდერობდნენ და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შედეგად ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს. ამასთან, ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა წლის ბოლომდე დაახლოებით 1 მილიონ რუს ტურისტს დაკარგავს.

ივლისში ტურიზმიდან შემოსავლებმა უმნიშვნელოდ დაიკლო: TBC Research-ის კვლევა>>

მთავრობამ ტურისტულ სექტორში ანტიკრიზისული ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს საქართველოს, როგორც მშვიდი ტურისტული ქვეყნის იმიჯის გამტკიცებას, ტურისტების ალტერნატიული გზებით საქართველოში ჩამოსვლაში დახმარებას, ასევე, სასტუმროებისთვის საკრედიტო-ფინანსური გარანტიების მექანიზმის ამოქმედებას.