თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ტურიზმის სექტორში ადრე არსებული მზარდი დინამიკის დაბრუნებას შეძლებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ივლისის მონაცემებით, ზარალმა ტურიზმის სფეროში 60 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, ბახტაძის თქმით, ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40 პროცენტით გაიზარდა.
„დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა", - განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ტურიზმის სექტორში დაბრუნდება ადრე არსებული პოზიტიური დინამიკა.
თბილისში საპროტესტო აქციები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 20 ივნისს დაიწყო. საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემცირების შედეგად ზარალი დაახლოებით 750 მლნ დოლარი იქნება.
საქართველოში პირდაპირი ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული სეზონის ჩავარდნის შესახებ განაცხადა, რადგან პირველ ექვს თვეში რაოდენობის მხრივ, რუსი ტურისტები ლიდერობდნენ და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შედეგად ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს. ამასთან, ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა წლის ბოლომდე დაახლოებით 1 მილიონ რუს ტურისტს დაკარგავს.