შეიცვლება თუ არა „რუსთავი2“-ის მფლობელი

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელმაც ტელეარხი „რუსთავი2“ დაიბრუნა, წილის ნაწილს მის დამფუძნებლებს პირდება
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები დაათმობინა, მის ახლანდელ მფლობელ ქიბარ ხალვაშს სამომავლო გეგმების განსახილველად შაბათს ან კვირას შეხვდებიან.

1994 წელს დაარსებულ ტელეარხ „რუსთავი2“-ს მფლობელი ბევრჯერ შეეცვალა.

გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს >>

ხალვაში „რუსთავი2“-ის მფლობელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა - სამი ინსტანციის ქართულ სასამართლოში მან დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.

სარედაქციო პოლიტიკა – ნინო ლომჯარიამ  „რუსთავი 2“–ში  შეხვედრა გამართა

ამასთან, ჯერ კიდევ 2017 წელს ხალვაში „რუსთავი2“-ის წილის 50%-ის გადაცემას დვალისა და აქიმიძისთვის პირდებოდა, ხოლო ტელეარხის დაბრუნების შემდეგ პირობის შესრულების მზადყოფნა გამოხატა. დვალმა და აქიმიძემ ტელეარხი აწ გარდაცვლილ ეროს კიწმარიშვილთან ერთად დაარსეს. დვალი და აქიმიძე წილის 60%-ს ფლობდნენ.

„ჩვენი მხარე უბრალოდ ხალვაშს მოუსმენს რას იტყვის. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ქიბარს აქვს 100%-ის მფლობელობა ამ წუთას და მან თქვა, რომ ის რაღაც შეთავაზების გაკეთებას აპირებს, რომელიც ადრე ითქვა და შეთანხმებულიაო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა გაიჟღეროს და ჩვენგან იქნება პასუხი - კი თუ არა. მეტი არაფერი არ იქნება“, - განაცხადა დვალმა პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე.

რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს >>

მისი თქმით, ის არ აპირებს აწარმოოს კულუარული მოლაპარაკებები.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრას აუცილებლად ვაპირებ და მათაც ყველაფერს გავაცნობ. არა მარტო ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის თემაზე, არამედ მათთვის ნებისმიერ საინტერესო კითხვაზე მზად ვარ, რომ პასუხი გავცე”, - განაცხადა დვალმა.

ხალვაში ოქრუაშვილზე: მისი ბავშვის ნათლია ვარ, მასზე საუბარი არ მინდა

მან ასევე აღნიშნა, რომ სურს იხილოს ტელეარხი დამოუკიდებელი, და არა როგორც რომელიმე პარტიის საკუთრება. დვალი მიიჩნევს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, თუმცა ხალვაში საწინააღმდეგო თვალსაზრისს იზიარებს. მიუხედავად ამისა, ტელეარხის ძირითადი ჟურნალისტები ხალვაშს არ ენდობიან, აქტიურად აკრიტიკებენ საინფორმაციო გამოშვებებში და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები „რუსთავი2“-ს სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუპორს უწოდებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას კანონი იცავს.

ქარელი ოქრუაშვილზე: ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ხალხს ავარჯიშებდა >>

„სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, შესაცვლელია. ტაბუები უნდა აეხსნას რაღაც თემებს, რომლებიც სამწუხაროდ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშაა... ტელევიზია უნდა იყოს მართლა თავისუფალი. მართლა უნდა ასახავდეს იმას, რაც დღეს ხდება და რაც გვაღელვებს; სად დარღვევაა, სად კორუფციაა, სად კრიმინალია, სად დანაშაულია და ა.შ., მიუხედავად და მიუკერძოებლად იმისა, თუ რომელი ჯგუფი რას აკეთებს და როგორ აკეთებს“, - ხაზგასმით აღნიშნა დვალმა.

ხალვაში: „რუსთავი 2"-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი დაინიშნება

იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა „რუსთავი2“ ხალვაშის ხელში, ტელეარხის მეორე დამფუძნებელმა ისაუბრა.

„ჩვენ გვესაუბრებოდნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, ხალვაში საერთოდ არ გვინახავს. ხალვაში მაშინ ნოტარიუსთან ერთად იმისთვის არ მოსულა, რომ წილები შეეძინა და დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა, ის „რუსთავი2“-ის ვალის გასტუმრების გარანტი გახდა. ჩვენ მოგვიხსნეს ვალის გასტუმრების ვალდებულება და გადასცეს ხალვაშს, როგორც მომავალ მფლობელს“, - განაცხადა აქიმიძემ.

იმ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა თავი ბანკროტად გამოაცხადა.

დვალმა და აქიმიძემ „რუსთავი2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგ.

როგორც კი ხალვაშმა ტელეკომპანია გადაიფორმა, ტელეარხზე საკუთარი უფლებების შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც განაცხადა. მან სასამართლოს მიმართა და პირველ ეტაპზე „რუსთავი2“-ის ქონების დაყადაღება მოითხოვა, რათა მისი გაყიდვა შეუძლებელი გახდეს. სასამართლომ მას უარი  უთხრა.

„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში >>

ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ხალვაში „რუსთავი2“-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელი იყი, სინამდვილეში კი ტელეარხი მას ეკუთვნის.

პაატა სალია: ტელეკომპანიაში სავალალო ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა

თავის მოთხოვნებს ოქრუაშვილი ასაბუთებს 2010 წელს ბერლინში შედგენილი დოკუმენტით, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხალვაშის ადვოკატები დოკუმენტს ყალბს უწოდებენ და გენერალურ პროკურატურას მიმართეს თხოვნით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება სასამართლოში ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო.

პარალელურად, „რუსთავი2“-ის ძველი მფლობელები, რომლებმაც ტელეკომპანია 18 ივლისს დაკარგეს, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში სარჩელს ამზადებენ, რომელშიც გაასაჩივრებენ საქმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს - მოსამართლეების მიუკერძოებლობის შესახებ.