თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ნებისმიერი საკითხები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებს ეხება, სამართლებრივი გზით უნდა წყდებოდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „რუსთავი2“-ის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, იუწყება РИА Новости.
არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ >>
ხუთშაბათს სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.
„მე ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
დღესვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარჩელი და „რუსთავი2“ გადააფორმა ხალვაშზე (60%) და მის კომპანია „პანორამაზე“ (40%). რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ „რუსთავი2“-ის ახალ გენერალურ დირექტორად ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა.
„რუსთავი2"-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მის დიდ პალატაში შეიძლება გაასაჩივროს. ამისთვის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამი თვის ვადა არსებობს.
ტელეკომპანიის იურისტების სარჩელის თანახმად, ქართულ სასამართლოებში საქმის განხილვისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლი: „ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება", „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება", „აზრის გამოხატვის თავისუფლება", „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები" და „საკუთრების დაცვა".