თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში 2021 წლისთვის ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლის აშენება იგეგმება, ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქართველი კალათბურთელი ახალ ესპანურ კლუბში გადავიდა >>
საქართველოში 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ჩატარდება, აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათს მიუნხენში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის (FIBA Europe) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„2021 წლამდე უნდა მოვასწროთ ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლე, რომელიც დიღმის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. ჩვენ ადგილი უკვე შერჩეული გვაქვს, სადაც ახალი სპორტის სასახლე განთავსდება, რომელიც სრულიად თანამედროვე სტანდარტების იქნება, უნიკალური ნაგებობა და რომელიც ასევე საშუალებას მოგვცემს, სხვადასხვა ღონისძიებისთვის იყოს გამოყენებული. ეს ახალი სპორტის სასახლე ამ ღონისძიებისთვის იქნება მიძღვნილი, მაგრამ მერე ის მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, EuroBasket–ის საქართველოში ჩატარება ყველა გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
„2021 წელი იქნება მართლაც მნიშვნელოვანი წელი, ყველა გულშემატკივრისთვის, უზარმაზარი მოვლენაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრების დამსახურება, გულშემატკივრების დასწრების კუთხით რეკორდიც კი მოიხსნა. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე. გვქონდა იმედი, რომ საქართველო ამას მოიპოვებ და ჩვენ ვემზადებოდით“, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს გარდა, მატჩები გაიმართება ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში. ყოველ ქვეყანაში ოთხიდან თითო ჯგუფის შეხვედრები ჩატარდება, ფლეიოფის თამაშები კი გერმანიაში გაიმართება.
მიუნხენში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის შტაბბინაში კენჭისყრის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.