ბახტაძე: ის, რაც გუშინ ვიხილეთ, უბინძურესი პროვოკაცია იყო

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვას მხარი დაუჭირა

 ბახტაძის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაა.

„ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები; ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც მოდის “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ბელადის მხრიდან. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება“, – განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს.

„ჩვენი მხრიდან, მათ შორის სახელწიფო უწყებებისგან, გაკეთდა განცხადებები, რომელიც ასეთ დროს უნდა გაკეთებულიყო. აქ შეფასება ერთმნიშვნელოვანია. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ამოძრავებს ამ დესტრუქციულ ძალას. მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

„ძალზე მარტივია" – ონიშჩენკო ხელისუფლებას ქართული ღვინის აკრძალვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიას და მათდამი ნდობას ამცირებს.