თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკურ მხარეს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა >>
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებითი ღონიძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. ამ ღონისძიების შესრულება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“, რომელიც განახორციელებს ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიაწვდის მონიტორინგის შედეგებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს იმას, რომ მელიამ ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ელექტრონული მონიტორინგის ცენტრში სიგნალს გადასცემს.
2 ივლისს გამართულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პარლამენტის დეპუტატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გაასაჩივრა. მან სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას მიერ სამართალდამცველი ორგანოს თანხმობის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვისა და სამომავლოდ შესაძლო მოწმის სტატუსის მქონე პირებთან კომუნიკაციის აკრძალვის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.
საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 26 ივნისს შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურორის თქმით, დეპუტატის ბრალეულობას ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები ამტკიცებს.
საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა.
შაბათობით მსვლელობა, სამუშაო დღეებში - კინო და ლექსები: მომიტინგეთა ახალი გეგმები >>
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი – ჟურნალისტი. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.