საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რით და ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან  თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), რაც 1,1%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა - 14,2%-ით მეტი გასული წლის იანვარ-მაისის პერიოდთან შედარებით. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მიმდინარე წლის იანვრიდან 4,7%-ით გაიზარდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 938,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ტოპ–10

2019 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 3,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - 3,6%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.

რით ვვაჭრობთ

საქართველოდან საკმაოდ ფართო ასორტიმენტის საქონელი გადის - სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, მედიკამენტები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით 43,8%-ით გაიზარდა, მსუბუქი ავტომობილების  - 68,3%-ით, მედიკამენტების - 75,9%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინის - 11,7%-ით და ა.შ.

ამავდროულად, ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა 9,9%-ით. 

საგარეო სავაჭრო ბრუნვა: იმპორტი კვლავ ეცემა

ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარდა, შემოდის მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადანი და კონცენტრატი, დაფასოებული მედიკამენტები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ ხუთ თვეში 75,9%-ით გაიზარდა, მედიკამენტების - 20,6%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 10,6%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების - 10%-ით და სხვ.

რატომ მცირდება იმპორტი

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბანკირთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ იმპორტის შემცირება ცუდი არ არის, ვინაიდან ქვეყანას ისედაც უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს.

„ის კი არ არის კარგი, რომ იმპორტი შემცირდა, არამედ ის, რომ შემცირდა უცხოური ვალუტის გადინება ქვეყნიდან. ჩვენ უფრო მეტ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას მოვიხმართ. ჩვენი ეკონომიკის სპეციფიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეკონომიკა სეზონურია და ზაფხულში უფრო აქტიურდება. ეს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებაში გამოიხატება, რადგან ზაფხულის პერიოდში მეტად თვითკმარები ვართ“, - განუცხადა პაატა ბაირახტარმა  „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, იმ იმპორტულ პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია ზამთრის პერიოდში, ზაფხულში მოთხოვნა მცირდება და მოსახლეობა ადგილობრივი პროდუქციის მოხმარებაზე გადადის. 

პრემიერი: საქართველოს გარე რისკებისგან იმპორტჩანაცვლება დაიცავს

სეზონურობა, ექსპერტის აზრით, ექსპორტზეც მოქმედებს.

„თუ ექსპორტის სტრუქტურას შევხედავთ, ყველაფერი სეზონურობამდე დადის. რადგან ზაფხულში, როგორც წესი, ჩვენთან ექსპორტი იზრდება. სხვა საქმეა, რა გაგვაქვს. გაგვაქვს ელექტროენერგია და სხვადასხვა მოხმარების პროდუქტი. ბოლო წლებში შეინიშნება ექსპორტის ზრდის ტენდენცია, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნა ბაირახტარმა.

მისი სიტყვებით, არსებობს საექსპორტო მიმართულებები, რომლებზეც ექსპორტიორები არიან ორიენტირებული და მიბმული კონკრეტულ ბაზრებთან. ბაზრის დივერსიფიკაცია არასათანადოა. დივერსიფიკაციის შემთხვევაში, რისკები უკეთ იქნებოდა დაზღვეული და შემცირებული, - ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

მთავარი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისიდან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი არიან. 

თავისუფალი ვაჭრობა მოქმედებაში: რამ მოიზიდა ჰონგკონგელი ბიზნესმენები საქართველოში
მთლიანობაში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ ხუთ თვეში 1,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 34,4%-ია.

პირველი ადგილი – თურქეთი

მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში დაახლოებით 702 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,2%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით შემცირდა.

თურქეთში 2019 წლის დასაწყისიდან გაიტანეს დაახლოებით  45 ათასი ტონა ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, 9,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნეული და კონცენტრატი, 8,5 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 834,3 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი და სხვ. 

საქართველოს სურს იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობა

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა დაახლოებით 10 ათასი ტონა მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან, დაახლოებით 3,1 ათასი ტონა იზოლირებული მავთულები და კაბელები, 618,5 ტონა დაფასოებული მედიკამენტი, 18,8 ათას ტონაზე მეტი მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 1119 მსუბუქი ავტომობილი და სხვ.

მეორე ადგილი - რუსეთი

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3,6%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 11,5%.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა  56 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 16,6 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 39 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 36,2 ტონა ცენტრიფუგა, 2,6 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ. 

საქართველო, რუსეთში ჩატარებული გამოკითხვით, საუკეთესო გასტრონომიული ქვეყნების სიაშია

რუსეთი ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორია - 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთში დაახლოებით 21,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.

ამასთან, რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია - წლის დასაწყისიდან დაახლოებით 137,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა.

რუსეთიდან შემოვიდა ასევე 117,1 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 53,8 ათასი ტონა ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი, დაახლოებით 114,3 ათასი ტონა ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან, 39,4 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და სხვ.

მესამე ადგილი - აზერბაიჯანი

აზერბაიჯანთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 435,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 8,8%-ს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში გავიდა 6804 მსუბუქი ავტომობილი, 841 ტონა სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, 378,1 ტონა მედიკამენტები, 539 სატვირთო ავტომობილი და სხვ. 

საქართველო, აზერბაიჯანი და რუსეთი გაერთიანებულ ელექტროენერგეტიკულ რგოლს შექმნიან

აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 925,1 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, 26,3 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია, დაახლოებით 77,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, 155,2 ათასი ტონა ცემენტი, 10,4 ათას ტონაზე მეტი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე და სხვ.

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან ასევე: ჩინეთი - 397,2 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა - 251,4 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი - 223,1 მლნ აშშ დოლარი, აშშ - 215,9 მლნ აშშ დოლარი, გერმანია - 198,1 მლნ აშშ დოლარი, ბულგარეთი - 168,8 მლნ აშშ დოლარი, რუმინეთი - 168,2 მლნ აშშ დოლარი.

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან - საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-მაისში 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 3,9%-ით ჩამოუვარდება. ექსპორტმა შეადგინა 360,9 მლნ დოლარი - 22,1%-ით მეტი, იმპორტმა - 885,8 მლნ დოლარი - 11,5%-ით ნაკლები. ევროკავშირის  ქვეყნების წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 25,9%-ია. 

EBRD-მა საქართველო კავკასიაში სტაბილურ პარტნიორად აღიარა

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, რომლის განუყოფელი ნაწილია ხელშეკრულება თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ.

საქართველოს ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან ასევე წარმატებით ვითარდება - სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის პირველ ხუთ თვეში 1,7 მილიარდი დოლარია, რაც 1,3%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტმა შეადგინა 748,7 მლნ დოლარი - 28,3%-ით მეტი 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, იმპორტმა - 951,3 მლნ დოლარი - 13,2%-ით ნაკლები. დსთ-ის ქვეყნების წილი უარყოფით სავაჭრო ბალანსში 10%-ია.

გასაღების ბაზრები ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ - კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის განცხადებაში. 

მამუკა ბახტაძე: პლატფორმა აქტიურად ლობირებს პარტნიორობის მიზნების შესრულებას

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმებას საქართველომ 2017 წლის აპრილში მოაწერა ხელი.

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-სთან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.