თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოთქვა აღშფოთება იმის გამო, თუ როგორ შეწყდა თბილისში საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა, რომელშიც რუსი დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.
კახა კალაძე: ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ ქართულ საზოგადოებას >>
ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.
„შეშფოთებით ვაკვირდებოდით თბილისში საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის ირგვლივ სიტუაციის განვითარებას. გამოვხატავთ აღშფოთებას საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიყენეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მართლმადიდებელ სახელმწიფოებს, თავისი ანტირუსული განწყობების გამოსახატავად. მათი აგრესიული ქცევის შედეგად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 25 მონაწილე ქვეყნის პარლამენტარები იძულებულები გახდნენ თავისი მუშაობა ვადამდე ადრე დაესრულებინათ“, - ნათქვამია კარასინის კომენტარში, რომელის რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „განწყობილია გააგრძელოს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მიმართული გეზი, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებს პასუხობს“.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა გავრილოვმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში პარლამენტში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
მედია: ირაკლი კობახიძე თანამდებობას დატოვებს >>
„სამწუხაროდ, რადიკალების ჯგუფის მოქმედებების გამო, რომლებიც ცრუ ამბებს ავრცელებენ, პარლამენტში ღონისძიება ჩაიშალა. მაგრამ ჩვენ მოვძებნით ადგილს, რომ ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი სხდომა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის საბაბი გახდა ცრუ ინფორმაცია, „ფეიკ-ნიუსი“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია“, - განაცხადა მან.