ჯანსაღი ცხოვრების წესს რომ მივყვეთ, ყველაზე მარტივი და სახალისო საცურაო აუზზე სიარულია. თუმცა ინფორმაციის ნაკლებობის გამო შესაძლოა ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის საშიში გახდეს. მაგალითად, ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ თვალების წვის და გაწითლების მიზეზი საცურაო აუზში სადეზინფექციო საშუალება ქლორია, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თვალების გაღიზიანებას ქლორთან შეკავშირებული შარდი და ოფლი იწვევს.
სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ყველა ტიპის, დახურული თუ ღია აუზის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც აუზებში დაბინძურების დონეს შეამოწმებს, არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს კანონი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად წყლით გადამდები სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების ეპიდემიური უსაფრთხოების და მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული ინტოქსიკაციების თავიდან აცილების მიზნით არის შემუშავებული. დამტკიცდა სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების დოკუმენტი სანიტარული წესები და ნორმები – „ჰიგიენური მოთხოვნები საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხისადმი“.
როდესაც საცურაო აუზში ბაქტერიების რიცხვი არ კონტროლდება, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს:
1. მუნი
2. კოკსაკის ვირუსი (ხელ-ფეხ-პირის ვირუსი. მას ძირითადად ახასიათებს სეზონურობა, თუმცა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაშიც აქტიური იყოს)
3. დიზენტერია
4. კანის ტუბერკულოზი
5. სოკო
6. ლეგიონელეზი (ახასიათებს პნევმონია, ციებ-ცხელება და კუჭ-ნაწლავის აშლილობა)
7. ტრახომა (თვალის ქრონიკული ინფექცია)
8. ასკარიდოზი (ნაწლავში ვითარდება მომწიფებული ჭია. ასკარიდოზი საქართველოში ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება)
9. ენტერობიოზი (ნაწლავების დაავადება)
10. გასტროენტერიტი (კუჭისა და ნაწლავების ანთება)
თუ აუზს ქლორის სუნი ასდის, ფრთხილად იყავით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გასუფთავების სისტემა არ მუშაობს და წყლის ცირკულაცია შენელებულია.
ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც ქლორიანმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს, არის ცისტიტი. ასევე აზიანებს და აღიზიანებს თვალის გარსს და რიგ შემთხვევაში, შეიძლება, ანთებაც გამოიწვიოს. ამიტომ იცურეთ ყოველთვის წყლის სათვალით. ცურვის შემდეგ კი სასურველია თვალის სპეციალური დამატენიანებელი წვეთები გამოიყენოთ.
როგორ შევამციროთ დაინფიცირების რისკი და თავიდან ავიცილოთ საშიშროება
სასურველია შემდეგი მინიმალური რეკომენდაციების გათვალისწინება:
1. არ გადაყლაპოთ წყალი. მიუხედავად იმისა, რომ წყალი შეიცავს ქლორს, ვერ ანადგურებს ყველა მავნე ბაქტერიას (ქლორიც საშიშია);
2. დაიცავით პირადი ჰიგიენა – მიიღეთ შხაპი აუზში ჩასვლამდე და ცურვის შემდეგ. ყველა ადამიანს, რომელიც არ ბანაობს აუზში ჩასვლამდე, წყალში შეაქვს საშუალოდ 14 გ ფეკალური მასა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ბანაობა როგორც ჩასვლამდე, ასევე აუზიდან ამოსვლის შემდეგ;
3. მიაქციეთ ყურადღება ამინდს – როდესაც ტემპერატურა მაღალია და წყალიც საკმაოდ თბილია, საშიში ბაქტერიების რიცხვი წყალში საგრძნობლად მატულობს;
4. თუ გაქვთ დაზიანებული კანი, შეეცადეთ დაიკრათ ე.წ. პლასტირი;
5. თუ ფეხის სოკოვანი დაავადება გაწუხებთ, გამოიყენეთ წყლის ფეხსაცმელი; მათი გამოყენება სასურველია ასევე საზოგადოებრივი აუზებით სარგებლობის დროს სოკოვანი დაავადების გადადების პრევენციისათვის.
გაითვალისწინეთ რჩევები და აუზზე ცურვით მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ და უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ. უბრალოდ, მომზადებული შეხვდით მოსალოდნელ საფრთხეებს.