თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ბათუმს დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ საქართველოს ერთ–ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Hilton Batumi გახსნაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას ვზეიმობთ. ამ სასტუმროს გახსნა არის ნიშანი იმისა, რომ ბათუმისა და საქართველოს ნდობა და ინტერესი დღითიდღე იზრდება. ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდის შემოსვლას, როგორიცაა ჰილტონი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და მთავრობის სახელით მიულოცა და მადლობა გადაუხადა ამ პროექტის მფლობელებსა და ინვესტორებს.
საქართველოს პრემიერის თქმით, ეს ძალიან წარმატებული პროექტია, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბათუმი არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქი და აქვს ყველა რესურსი იმისა, გახდეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ბათუმში წელს კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება და ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონის განვითარებისთვის. აჭარა მდიდარია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით.“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ბეზნესმენები და სხვა ოფიციალური პირები.
Hilton Batumi 2 შენობისგან შედგება – ერთი იქნება უშუალოდ სასტმრო, მეორე – საცხოვრებელი შენობა. 23 სართულიან შენობაში 248 ნომერი იქნება. Hilton Batumi–ს მენეჯმენტის ინფორმაციის მიხედვით, ნომრების საფასურის გამორკვევა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. Hilton Batumi პრემიუმ–სეგმენტის კლიენტურაზე აკეთებს გათვლას. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფე–ბარები, საკონფერენციო დარბაზები, სპა–ცენტრი, ბასეინი და ფიტნეს დარბაზი.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური იუწყება, მთავრობის მეთაური დღეს ბათუმში SOCAR–ის ოფისის გახსნის ცერემონიასაც დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროექტის „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში Hilton–ში შეხვედრას გამართავს მეწარმეებთან, სადაც საქართველოში ბიზნეს–სფეროს წარმომადგენლებს აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს წარუდგენს.
პრემიერის მიერ სამთავრობო პროექტის წამოწყების მიზანი ქვეყნის რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა, რაც, კერძოდ, მრეწველობის აღორძინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოიაზრებს.
ასევე დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და რაიონების გამგებლებთან.