„ოქროს სია“ და გაუქმებული შეღავათი ბიზნესისთვის

ფინანსთა მინისტრმა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილებები 31 მაისს შეიტანა და „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებს გადასახდელების ვადად 30 დღის ნაცვლად 5 დღე განუსაზღვრა.
Sputnik

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები იმპორტის გადასახადის გადახდისას პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებენ.

ამ სიახლის შესახებ ბიზნესის წარმომადგენლებმაც ვებ-გვერდიდან შეიტყვეს, ეს მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმპორტიორებმა მაშინვე განაცხადეს, რომ თუ მთავრობა პოზიციას არ შეცვლის, ბიზნესი გარანტირებულად დაზარალდება.

ე.წ. „ოქროს სია“ დაახლოებით იმ 200 კომპანიას აერთიანებს, რომელსაც იმპორტში ან ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება არანაკლებ 5 მილიონი ლარი აქვს; ასევე იმპორტის გადასახდელები არანაკლებ 900 000 ლარი ქვს გადახდილი; საქონლის იმპორტის ან ექსპორტის მიზნით არანაკლებ 100 საბაჟო დეკლარაცია აქვს წარდგენილი. ამასთანავე კომპანიას კარგი საგადასახადო ისტორია უნდა ჰქონდეს. 

კომპანიების „ოქროს სია“ გაუქმებულია: ბიზნესმენებს საქართველოში შეღავათები ჩამოართვეს

მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა). ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ უკვე ამოქმედდა ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, ანუ 2019 წლის 12 ივნისს, ხოლო სხვა შემთხვევაში ძალაში შევა ბრძანების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს – 2019 წლის 2 ივლისს.

სამინისტროში ამტკიცებენ, რომ თავად „ოქროს სია“ არ გაუქმებულა და კომპანიებს მხოლოდ ვადასთან დაკავშირებული შეღავათები გაუუქმდათ, ხოლო სხვა პროცედურული პრივილეგიები დარჩათ. მაგრამ „ოქროს სიაში“ ყოფნის უპირატესობა სწორედ გადასახდელების 30 დღეში გადახდის უპირატესობა იყო.

ფინანსთა სამინისტროში ასევე ირწმუნებიან, რომ ცვლილებების თაობაზე ბიზნესს შეტყობინებები დაეგზავნა და კერძო სექტორს გონივრული ვადაც მიეცა.

„ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ბიზნესი თანაბარ პირობებში ჩადგება; ყველასთვის იქნება 5-დღიანი ვადა და ბიზნესი იქნება კონკურენტუნარიან გარემოში, განსაკუთრებით კი – მცირე და საშუალო ბიზნესი“, – აცხადებენ სამინიტროში.

კომპანია „ოქროს სიიდან“ შეღავათების გაუქმების გამო ფასების ზრდით იმუქრება

ბიზნესის პოზიცია – ცვლილება მოულოდნელი იყო

საქართველოს ბიზნეს-გაერთიანებებმა უკვე მიმართეს შეკითხვებით ფინანსთა მინისტრს, რომელსაც 31 მაისის გადაწყვეტილების განმარტებას სთხოვენ. ტექსტში ვკითხულობთ:

„მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ: 1. ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია;

2. რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ?

3. რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება?“

ამასთან, მიმართვის ტექსტის ავტორები წერენ, რომ ფინანსთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა „ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ“. მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერია „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიგლა მიქაუტაძემ რადიო „თავისუფლების“ ეთერში ილაპარაკა ბიზნეს-გაერთიანებების პოზიციაზე:

როგორ იზრდება სახელმწიფო ვალი

„ის გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მიიღო, არ ეხება მხოლოდ „ოქროს სიის“ კომპანიებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა. იქ რამდენიმე კომპონენტი იყო. ერთ-ერთი იყო, მაგალითად, წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში 15-დღიანი ვადა მისცემოდათ კომპანიებს ამ გადასახდელების გადახდისთვის. ეს ეხებოდა ყველა ტიპის კომპანიას განურჩევლად ზომისა. არ გავიგოთ ისე, რომ ეს მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის არის პრობლემა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

პროცესშია ჩართული ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც. მისი განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით არც ერთ ბიზნეს-ასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია.

„იმპორტის გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ვადით ე.წ. „ოქროს სიის“ მონაწილე 217 კომპანია სარგებლობდა და ჩვენთვისაც და აღნიშნული კომპანიებისთვისაც 3 ივნისს ამოქმედებული ახალი წესი სრულიად მოულოდნელი იყო. აღნიშნულის შესახებ არც ერთ ბიზნეს-ასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია. ბრძანებას ხელი მოეწერა 31 მაისს, „მაცნეში“ გამოქვეყნდა 3 ივნისს, ინფორმაცია გავრცელდა 5 ივნისს და 217 კომპანია დადგა ფაქტის წინაშე, რომ არარეალურად მოკლე ვადაში შეცვალოს ფინანსური მოდელი, რაც შეუძლებელია“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რაც ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღწევა.

რატომ არის საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ზარალიანი

განცხადება გაავრცელა ასევე „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ“, სადაც ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციების ჩატარება და ცვლილებების ამოქმედების ვადის გადადება მოითხოვა. 

კომპანია „ნატახტარის“ კომერციული დირექტორის ნუკრი ხუნძაკიშვილის განცხადებით, შეიძლება კონკრეტულ საკითხზე ხელისუფლებასა და ბიზნესს სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ აუცილებელია გადაწყვეტილების კონსულტაციის რეჟიმში მიღება, თუნდაც ბიზნესი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდეს.

ბიზნეს-ომბუდსმენის შუამავლობით ფინანსთა მინისტრსა და ბიზნესმენებს შორის ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა, ბიზნეს-სექტორისთვის უშედეგო დასასრულით. ლექვინაძე ამბობს, რომ მინისტრის ბრძანება იყო ერთგვარი სიურპრიზი ბიზნესისთვის, ამიტომ გეგმავენ პრემიერის სახელზე მიმართონ მთავრობას და, სულ მცირე, ან გადავადებას მიაღწიონ, ან არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ფინანსთა მინისტრის ამ გადაწყვეტილების მომზადების შესახებ ბიზნესს, თურმე, პარლამენტისა და ჟურნალისტებისგან უნდა გაეგო. ცვლილების შედეგად კი ყველაზე მეტად იმპორტიორები დაზარალდებიან.

„კეთდება აბსურდული განცხადებები, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ხელი შეეწყობათ. ადგილობრივი ბიზნესი იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული. ვერ გამოვიტანე დასკვნა, რატომ დგას მინისტრი ასე პრინციპულ პოზიციაზე. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ბიზნეს-ასოციაციებს ეს გადაწყვეტილება აკნინებს“, – განაცხადა ჭყონიამ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორისაა - ვინ არის ჩვენზე ღარიბი

ხელისუფლების პოზიცია

ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განმარტებები  „ფეისბუქის“ საშუალებით გააკეთა. მისი თქმით, „ოქროს სია“ რჩება, უქმდება გადახდის გადავადება და „ოქროს სიის“ კომპანიები ისარგებლებენ მხოლოდ გამარტივებული პროცედურებით, როგორც ეს არის მიღებული ყველა ქვეყანაში.

რაც შეეხება ბიზნესმენთა ნაწილის მოთხოვნას, რომ 30-დღიანი შეღავათი ყველა კომპანიაზე გავრცელდეს, ხუციშვილი ასე პასუხობს:

„იმპორტის დროს ყველა კომპანიისთვის გადახდის 30-დღიანი ვადის მიცემა შეუძლებელია არსებული საბაჟო რისკებიდან გამომდინარე. რეალობაა, რომ 30 დღეში ვეღარ იპოვი ვერც კომპანიების გარკვეულ ნაწილს და ვეღარც საქონელს, რათა კუთვნილი გადასახადის გადახდა მოხდეს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს რეალობა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, ასეა გადასახადის გადახდის ბევრად უფრო მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებშიც“.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გადასახადების გადახდის ნაწილში არ უნდა არსებობდეს ინდივიდუალური პრეფერენციები მხოლოდ 200, 500 და, თუნდაც, 1000 კომპანიისთვის.

ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლა

ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ ერთი გამონაკლისი დაუშვა: „ოქროს სიაში“’ მყოფი ხორბლის იმპორტიორებისთვის იმპორტის გადასახდელების ვადებთან   დაკავშირებული პრივილეგიები უცვლელი რჩება – გადახდის 45-დღიანი ვადა უცვლელი დარჩება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამ სექტორის პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვება სასურსათო უსაფრთხოებით ახსნა.

„მარაგები ქვეყანაში აუცილებელია. სახელმწიფოს მოთხოვნაა, ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობდეს და, შესაბამისად, ამ ნაწილში იყოს გარკვეული შეღავათი. მარაგზე გადასახადი წინასწარ არ უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ოპოზიციის პოზიცია

ფინანსთა მინისტრის ბრძანებას გამოემხაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ტყუილია, თითქოს მთავრობამ მდგომარეობა მხოლოდ „ოქროს სიაში“ მყოფ 200 კომპანიას გაუუარესა და მათი დაბეგვრის წესი მცირე და საშუალო ზომის კომპანიების დაბეგვრის წესს გაუთანაბრა.

„სინამდვილეში - თუკი წინასწარ დეკლარირებას გააკეთებდა - მცირე და საშუალო ბიზნესი სარგებლობდა გადასახადების გადახდის 15-დღიანი ვადით (დეკლარირებას ახდენდა მათი 90%). ანუ თუ მსხვილ ბიზნესს ვადა 25 დღით შეუმცირეს, წვრილ ბიზნესს შეუმცირეს 10 დღით.

როდესაც შემოტანილ პროდუქციაზე ან აქ ნაწარმოები პროდუქციის ნედლეულზე (ასეთი კი ჩვენი მოხმარების უდიდესი ნაწილია) კომპანიას შემოტანისთანავე უწევს დღგ-ს გადახდა (იმპორტის გადასახადის წილი უმნიშვნელოა), ეს:

- გაუძვირებს პროდუქციას მომხმარებელს;
- კომპანიებს აიძულებს, მოიძიონ დამატებითი საბრუნავი კაპიტალი, ანუ აიღონ სესხი.

ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად

ამ პრობლემას ძნელად, მაგრამ მაინც გაუმკლავდება მსხვილი ბიზნესი, მაგრამ გადახდის ვადის თუნდაც 10 დღით შემცირება გააკოტრებს უამრავ წვრილ მეწარმესა და ბიზნესმენს“, – წერს ჭიაბერაშვილი.

ამ სიტუაციაში, როცა მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია შესული, ბიზნესს მაინც იმედი აქვს, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდება და გადავადებაზე შეთახმდებიან. ასეთი პოზიცია კი ალბათ გასაკვირი სულაც არ არის. მთავრობას არაერთი რეგულაცია შემოუღია, რომელიც ისევ მთავრობის წევრებს მოგვიანებით გაუკრიტიკებიათ და თავისივე შეზღუდვა თავად შეურბილებიათ. ამ შემთხვევაში როგორ გაგრძელდება საქმე, ახლო მომავალში გამოჩნდება.

თემურ იოსელიანი