მთაწმინდაზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა - დაიწყო ხმების დათვლა

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5% შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის რაიონში, სადაც მოქალაქეები მეორე ტურში პარლამენტის დეპუტატს ირჩევდნენ, დასრულებულია - 31 უბანი დაიხურა და კომისიებმა ხმების დათვლა დაიწყეს.

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 32,5% შეადგინა >>

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, როდესაც 20-დან ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა - არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია

მთლიანობაში არჩევნები მშვიდ, თუმცა გარკვეულ წილად დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო - 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა თითქმის იმდენივე ამომრჩეველი, რამდენიც პირველ ტურში მთელი დღის განმავლობაში.

დღის განმავლობაში სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა საარჩევნო უბნებთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

ერთადერთი სერიოზული შემთხვევა მოხდა მე-17 უბანთან, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერი დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ის დააკავეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ვინ დაესხა თავს თამარ ჩერგოლეიშვილის და გიორგი ბარამიძის შვილებს >>

საღამოსთვის სიტუაცია დაიძაბა - გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადეს, რომ მათ ქალიშვილებს, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ, მე-18 უბანთან მმართველი პარტიის მხარდამჭერი დაესხა თავს. შსს-ს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პირველი არხი იუწყებოდა, რომ აღნიშნულ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - საქმე აღიძრა სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარედ ძალადობის განხორციელებას ან ძალადობის შემცველ მუქარას.