თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მისი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს.
ივანიშვილმა ოჯახთან ერთად თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
„დღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ივანიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია იყო ძალიან მშვიდი და ეს ორივე მხარის დამსახურებაა.
„ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).
უბნების დახურვამდე, 20:00 საათამდე, არჩევნის გაკეთება 31 საარჩევნო უბანზე 43 909 ამომრჩეველს შეუძლია.