თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პარტია „ევროპული საქართველოს“ ორ დამკვირვებელს მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, იუწყება პირველი არხი.
თავდაპირველად ეს ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. მისი თქმით, მათი აქტივისტები საარჩევნო პროცესის გადაღებას ტელეფონით ცდილობდნენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტი კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ხოშტარიას თქმით, ამ დროისთვის დაზარალებული აქტივისტები პოლიციაში იმყოფებიან და ჩვენებას აძლევენ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი არის „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის ქალიშვილი ანა, ხოლო მეორე - „ტაბულას“ ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი კატო კოპალეიშვილი. ამის შესახებ ოპოზიციონერები საკუთარ Facebook-გვერდებზე წერენ.
„კატო იდგა უბნის შესასვლელში და უბანთან მიმდინარე პროცესს იღებდა. მივიდა ეს ქალბატონი, უთხრა ნუ იღებო. კატომ აუხსნა, რომ მისი ინტერესია უბანთან მიმდინარე პროცესის გადაღება და ამის უფლება აქვს. თუ ვინმე წუხდება, შეუძლია უბანს გაეცალოს. ანა ბარამიძე იღებდა, იმას დაარტყა, კატომ მოასწრო ჩაწერა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე აღიძრა 162-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარედ ძალადობის განხორციელებას ან ძალადობის შემცველ მუქარას.
დღეს მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტური ტარდება. ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).