რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ტურისტები საქართველოში

საქართველოში ტურისტული სფეროს შედეგებს შეაფასებენ არა მხოლოდ ჩამომსვლელთა რაოდენობით, არამედ მოგზაურთა ხარჯების მიხედვითაც.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. წლის დასაწყისიდან ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელების ვიზიტების რაოდენობამ თითქმის სამი მილიონი შეადგინა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ ასეთ შემთხვევას განიხილავს, როგორც ვიზიტს.

ეს თითქმის 5,4%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით.

უწყების მონაცემებით, 15 წელს ზემოთ უცხოელი საქართველოს ეწვია 2,5 მილიონჯერ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,7%-ით მეტია.

ქუთაისი კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს>>

ამასთან, გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ტურისტული მიზნით – 7,9%-ით, როგორც ტურისტი, ქვეყანას ეწვია 1,7 მილიონი უცხოელი.

ქვეყნების პირველი ხუთეული 2019 წლის იანვარ-მაისში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით

ქვეყანავიზიტების რაოდენობაცვლილებები წელიწადში - %
რუსეთი539 43231,4
აზერბაიჯანი497 9372,5
სომხეთი425 4121,3
თურქეთი367 818-13,4
უკრაინა62 5009,9

ქართული დიასპორის წარმომადგენლები ხუთ თვეში საქართველოში შემოვიდნენ 193,3 ათასჯერ, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,3%-ით მეტია.

ტურისტების მოზიდვის სტრატეგია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგია არა მხოლოდ ტურისტების ნაკადის გაზრდა, არამედ უფრო გადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვაა, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ მოსახლეობას და საკუთარ თავს სწორად გავაგებინოთ ტურიზმის მნიშვნელობა. ტურიზმი მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეკონომიკაში შესაბამისი წვლილი შეაქვს", – განაცხადა უფრო ადრე ქვრივიშვილმა პირველი არხის ეთერში.

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან 11 მილიონი ადამიანი შემოვა. თუმცა, საქართველოს, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარების მთავარი კრიტერიუმი ამ სფეროდან შემოსავლების მოცულობა გახდება. პროგნოზებით, ამ მაჩვენებელმა 6,7 მილიარდ დოლარზე ნაკლები არ უნდა შეადგინოს. შედარებისათვის: გასულ წელს ტურიზმმა საქართველოს 3,2 მილიარდი დოლარი მოუტანა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან 856 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +8.4%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66 მილიონი დოლარით მეტია.

2019 წლის აპრილის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსულმა შემოსავალმა 277 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +16.1%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38 მილიონი დოლარით მეტია.

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა>>

საქართველოში ტურიზმის სფერო უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკაზეც აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში შენდება ახალი სასტუმროები, მოწმდება კვების ობიექტები, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების მომზადება.

ტურისტების მოსაზიდად 2019 წელს ხელისუფლება სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51,9 მილიონი ლარია გამოყოფილი.