თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ მასობრივ საპროტესტო აქციას, რომელიც ჭიათურაში გაფიცული მეშახტეების სოლიდარობის ნიშნად იმართება.
ჭიათურაში გაფიცვა 15 მაისს 150-მა მეშახტემ დაიწყო. თანდათანობით ეს რაოდენობა სამი ათას კაცამდე გაიზარდა. აქედან ნაწილმა ქალაქის ცენტრში, საკრებულოს მოპირდაპირე მხარეს კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. უფრო მეტიც, ზოგიერთმა პირიც ამოიკერა. გაფიცვა საყოველთაო მასობრივ გამოსვლაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც გაფიცულები დამსაქმებელ კომპანია Georgian Manganese-თან ვერ შეთანხმდნენ.
ჭიათურაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, არ მუშაობს მაღაზიების ნაწილი. ორშაბათს ქუჩებში გამოვიდნენ მოქალაქეები ბავშვებთან ერთად. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მეშახტეებს და ამერიკული კომპანია Georgian Manganese-ის ჭიათურიდან განდევნას მოითხოვენ.
„ჩვენ ამ ქალაქის მომავალი ვართ და გულგრილი ვერ ვიქნებოდით. მეშახტეები უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ და ჩვენ მოვედით მათ დავუჭიროთ მხარი, რომ მათ იცოდნენ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ არიან. ჩვენ გვინდა, რომ მეშახტის პროფესია პატივსაცემი იყოს. გვინდა, რომ ქალაქი გათავისუფლდეს შხამიანი გამონაბოლქვისგან და მოშიმშილეების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს სკოლის მოსწავლემ ვაჟა კაპანაძემ.
მოსწავლეებმა ჭიათურის რაიონის მერიის შესასვლელი დაბლოკეს. ისინი სკანდირებენ „გაუმარჯოს ჭიათურას! გაუმარჯოს მოშიმშილეებს! გაუმარჯოს მეშახტეებს!“
ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს >>
„მამაჩემი შახტაში მუშაობს. მოვედი მას მხარი დავუჭირო. მე მეხუთე კლასში ვსწავლობ. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქალაქი ბედნიერი იყოს“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს 11 წლის ნიკოლოზ მიხელიძემ.
ამ მომენტში ჭიათურის ცენტრში სამასამდე ადამიანი იმყოფება. გაფიცულებს ხანდაზმული ადამიანები, ქალები და ბავშვები შეუერთდნენ.
მეშახტეების მოთხოვნები ოთხი პუნქტიდან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.
მუშაობა Georgian Manganese-ის ყველა საწარმოში შეჩერებულია. ესაა ცხრა შახტი, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანა და ავტოპარკი.
Georgian Manganese-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის შეასრულოს მეშახტეების მოთხოვნები და ხელფასები ეტაპობრივად 50%-ით გაუზარდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუშაობას განაახლებენ. მეშახტეებმა არ დაუჯერეს ამ დაპირებას და გაფიცვა განაგრძეს.
„უკვე მე-11 დღეა ვშიმშილობ, მაგრამ თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს. ეს ხუმრობა კი არაა. ძალებს გვმატებს ამ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან. ჭიათურა პირველად წლების შემდეგ გამოცოცხლდა. აქ ცხოვრება ჩქეფს. აქამდე არ უნდა მისულიყო, ასე ბედის ანაბარა არ უნდა მივეტოვებინეთ. მაგრამ ვგრძნობთ, რომ გამარჯვებისკენ მივდივართ. ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ერთ-ერთმა მოშიმშილე მეშახტემ გივი სერგიტაშვილმა.
ადრე კი Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ ხელფასების 50%-იანი მომატების შესახებ მოთხოვნა არარეალურია და მეშახტეები თავისი გაფიცვით უკვე კანონის ფარგლებს ცდებიან.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა >>
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ხვდებიან.
ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Georgian Manganese-ის ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.