„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს

სსფ-ის აღმასრულებელი საბჭო მორიგი ტრანშის გამოყოფას 2019 წლის ივნისში განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად ქვეყანა მოწყვლადი რჩება გარე ფაქტორების მიმართ, მსოფლიო ვაჭრობაში დაძაბულობის ესკალაციის და ფინანსური ბაზრების ვოლატილობის ჩათვლით, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშში საქართველოში ვიზიტის შედეგების მიხედვით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ დაასრულა ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში, სადაც სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესრულებას აკვირდებოდა. ამ პერიოდში მისია გაეცნო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და მიმდინარე რეფორმებს.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს >>

„საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების მიმართ. პასუხად აუცილებელია შენარჩუნდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, გაგრძელდეს რეზერვების დაგროვება, ასევე გონივრული მონეტარული, ფისკალური და ფინანსური სექტორის პოლიტიკის გატარება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეკონომიკური ზრდა და გარე რისკები

სსფ-ის მისიამ აღნიშნა, რომ გარე რისკების მიუხედავად პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემები 2019 წელს დამაჯერებელ ზრდაზე მიანიშნებს.

„2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არის 4,6%, ხოლო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბებს, ძირითადად, თამბაქოზე აქციზის ზრდის გამო. სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში დააჩქარებს ზრდას საშუალოვადიან პერიოდში და ზრდა დაახლოებით წლიურ 5¼ პროცენტს შეადგენს“, – ნათქვამია მისიის ანგარიშში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტრო: მარტში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალია

2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 4,7% შეადგინა.

ზრდა 2019 წლის მარტში დაფიქსირდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონების ოპერაციების, გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში. ზრდა ასევე დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სფეროებში. ვარდნა მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა.

სსფ-ის მისიის აზრით, ეკონომიკური ზრდა საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას – გააგრძელოს რეფორმების პროგრამა და ამასთან ერთად გაზარდოს სავალუტო რეზერვები გარე რისკებისგან დასაცავად.

საქართველოს ბიუჯეტი – როგორც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი

სსფ-ის მისიამ აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 2019 წელს შედარებით სტაბილური იქნება. ამასთან, სავარაუდოდ, ხარჯების სტრუქტურა შეიცვლება, რათა განათლების რეფორმის განხორციელების კუთხით ახალი პრიორიტეტები აისახოს.

„ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების პირობას – განახორციელონ რეფორმები არსებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში. ხელისუფლება მუშაობს შემოსავლების სამსახურის ეფექტურობის ამაღლებაზე, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის დახვეწაზე და სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგის დახვეწაზე, რათა შეიზღუდოს ფისკალური რისკები“, – ნათქვამია მისიის ანგარიშში.

სსფ-ის ექსპერტები მიესალმებიან ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც გაცვლითი კურსის მოქნილობას გულისხმობს. ამასთან ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კვლავ ფასების სტაბილურობაზეა ორიენტირებული.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ბიუჯეტი და საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს ერთ-ერთი მთავარი გარანტი გახდა.

„მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26%-დან 2018 წელს შემცირდა 23,1%-მდე. ასევე მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯები. აბსოლუტურ სიდიდეში დაახლოებით 1.2 მილიარდით არის მიმდინარე ხარჯები შემცირებული, ეს უნისონში მოდის მცირე მთავრობის კონცეფციასთან“, – განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

კაპიტალური ხარჯების გაზრდაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს. მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია და კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ფისკალურ სტრუქტურაში.

„ფისკალური დეფიციტი შენარჩუნებულია მშპ-თან მიმართებაში 2,5%-ის დონეზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

სსფ-მა დაკრედიტების ახალი წესები შეაფასა

სსფ-ის მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ახლახან შემოღებულმა პრინციპებმა დაკრედიტების სტანდარტები გაამკაცრა და მათი ზრდა შეანელა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.

პრემიერი: დაკრედიტების პოლიტიკა არ გადაიხედება

„ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული იქნება ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების მიღების ფონზე ცოტა ხნის წინ გამკაცრდა სესხის გაცემის სტანდარტი და შემცირდა კრედიტის ზრდა. ასეთი მიდგომით კრედიტის ზრდა უფრო მდგრადი გახდება. ამასთან, კრედიტის ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლისთვის“, – ნათქვამია მისიის ანგარიშში.

ამასთან ერთად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების უფრო სწრაფმა შენელებამ მთლიანობაში ეკონომიკურ ზრდაზე მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება იმოქმედოს.

სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.

რეკომენდაციები და ფულადი თანხები

მთლიანობაში სსფ საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეფორმების პროგრამის ურყევი შესრულების რეკომენდაციას, რაც კერძო სექტორის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო ფართო ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოს მაისში ეწვევა

„მნიშვნელოვანია განათლების ძირეული რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს მოსახლეობის უნარ-ჩვევებს და შეამცირებს უმუშევრობას“, – ნათქვამია მისიის ანგარიშში.

ვიზიტის შედეგებზე სსფ-ის მისიამ ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების შესახებ. მოსალოდნელია, რომ სსფ-ის აღმასრულებელი საბჭო მიმოხილვას განიხილავს ივნისში და, მისი დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო 41,6 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშს მიიღებს.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას გულისხმობს, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.