თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ქვეყნისთვის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე, რომელიც დაბა ანაკლიაში მიმდინარეობს.
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანიამ Conti International LLC.
ანაკლიის პორტი, როგორც თურქეთის პორტების კონკურენტი>>
„პირადად მე ძალიან დიდი დრო მაქვს დახარჯული მოლაპარაკებებში, რათა ეს პროექტი შემდგარიყო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია", – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობს საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში, რომლებიც დაინტერესებული არიან კონსორციუმისთვის კრედიტის გაცემაში, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი არ არის მიმზიდველი ბიზნეს-პროექტი, რადგან მოგების მისაღებად კერძო სექტორს, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.
ამასთან, ივანიშვილი მიესალმება, რომ პორტს სწორედ კერძო სექტორი ააშენებს და სახელმწიფოს კრედიტების აღება არ მოუწევს.
ივანიშვილის განცხადებით, როგორც წესი, სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს ამგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. პროექტი სახელმწიფოსთვის საჭიროა და თუ მას კერძო სექტორი არ განახორციელებს, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს ამის გაკეთება.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
„იაფფასიანი სპეკულაცია“ - პრემიერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სკეპტიკოსებს უპასუხა>>
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გერმანიის განვითარების ბანკმა DEG და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა FMO პორტის მშენებლობაში ინვესტირება გადაწყვიტეს. კონსორციუმის მონაცემებით, ორი ევროპული ბანკის მიერ 600 მლნ დოლარის ინვესტირების თაობაზე გადაწყვეტილების შემდეგ მშენებლობის პირველი ფაზისთვის აუცილებელი თანხა შეგროვებულია.
პორტის ამოქმედება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება დაგეგმილია ცხრა ფაზად.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქციების გამოშვებას გეგმავს>>
პროექტის ავტორების გათვლით, ცხრავე ფაზის დასრულებას 50 წელზე მეტი დასჭირდება და ამ დროისთვის, კონსორციუმის პროგნოზით, იგი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.