„იაფფასიანი სპეკულაცია“ - პრემიერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სკეპტიკოსებს უპასუხა

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთვის მხარს უჭერდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რათა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გრანდიოზული პროექტის შეჩერებას ცდილობს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქციების გამოშვებას გეგმავს >>

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედიან პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია), G-Star Ltd (ბულგარეთი).

„ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ამავე დროს ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ეს ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ“, - განაცხადა ბახტაძემ.

„პრობლემა აღმოიფხვრა“ - საქართველოს პრემიერმა TBC Bank-ის ირგვლივ ისაუბრა

საუბარი იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას პროექტის შეჩერება ანდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ჩამოშორება სურს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციის შესწავლა დაიწყო. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

რაც შეეხება პორტს, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომელიც დაინტერესებულია კონსორციუმისთვის კრედიტების გაცემით იმ მიზნით, რათა პროექტის რეალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.

„შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას მთავრობაში არ სურს ანაკლიის პროექტის განხორციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვინ ააშენებს ანაკლიისკენ მიმავალ გზებს: ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობს >>

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ამჟამად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს.

სკანდალური წერილის ისტორია: გზავნილის წარმოშობის ვერსიები

თებერვლის პირველ რიცხვებში გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) პორტის მშენებლობის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. კონსორციუმის მონაცემებით, ევროპის ორი ბანკის მიერ ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო თანხები მოძიებულია.

პორტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება. პირველი ფაზა ითვალისწინებს, რომ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მოძიებულია მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო სახსრები - 600 მილიონი დოლარი.

ეს არ ნიშნავს, რომ პორტში პირველივე წელს ტვირთების ეს რაოდენობა შევა, მაგრამ ეს იქნება დასაშვები მოცულობა, ამტკიცებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზას შორის წყვეტა 3–4 წელი იქნება, შემდგომი ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის დროს შემუშავდება.

პირველი და მეორე ფაზის გასვლის შემდეგ ანაკლიის პორტი შეძლებს 14 მილიონ ტონამდე ტვირთის მიღებას. პროექტის ავტორების გათვლით, ეს, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. თუმცა, ცხრავე ფაზის დასრულებას 50 წელზე მეტი დასჭირდება და ამ დროისთვის, კონსორციუმის პროგნოზით, იგი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.