ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია შეუჩერეს

აკრედიტაცია დაკარგული სასწავლებლის სტუდენტებს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლის საშუალება მიეცემათ.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს (GEU) ავტორიზაცია შეუჩერა, იუწყება პირველი არხი.

ავტორიზაციის შეჩერების მიზეზია სხვადასხვა დარღვევები, მათ შორის ის, რომ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე დაახლოებით 200 არაქართულენოვანი სტუდენტი სწავლობდა, რომელთა უმრავლესობა ქართულ ენას არ ფლობდა.

რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე >>

დარღვევები გეგმიური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. აღნიშნულ სასწავლებელში დაახლოებით 600 სტუდენტი სწავლობდა. ყველა მათგანს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლის საშუალება მიეცემათ.

ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს (GEU) ავტორიზაცია 2013 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა.

პრემიერი: განათლების სფერო განვითარების ახალ დონეს მიაღწევს

GEU ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დააარსეს. სასწავლებელი სხვადასხვა საბაკალავრო და პროფესიულ პროგრამებს სთავაზობდა. კერძოდ, ბიზნეს-ადმინისტრირება, ტურიზმი, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა. ლექციებს კითხულობდნენ სამი პროფესორი, ცხრა ასოცირებული პროფესორი, ათი ასისტენტ-პროფესორი და სამი ასისტენტი.

2018 წელს 11 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას უარი ეთქვა ან გაუუქმდა ავტორიზაცია ანდა პროფესიული სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

2018 წლიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გავლა ახალი ევროპული სტანდარტებით უწევს. მათი რიცხვი სამიდან შვიდამდე გაიზარდა.

საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა >>

თუ ადრე უნივერსიტეტებს ამოწმებდნენ საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური ბაზისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის კუთხით, ახალი სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიული განვითარებას, სტუდენტებზე ორიენტირებულ პროცესებს და მიღწეულ შედეგებს. ასევე ფასდება საორგანიზაციო მართვის ნაწილი და კვლევების ჩასატარებლად არსებული რესურსები.

დღეისათვის საქართველოში 60-ზე მეტი ავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებს. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ავტორიზაციის მოპოვება ექვსი წლით შეუძლიათ.