11:46 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
თსუ

საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა

© photo: courtesy of Tbilisi State University
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
15001

ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად უცხოელებს გამოცდების ჩაბარება არ უწევთ, სამაგიეროდ სრულად იხდიან სწავლის საფასურს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 12,2 ათასი უცხოელი სწავლობს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

წინა წელს ეს რიცხვი 10 ათასს ოდნავ აჭარბებდა. ყველაზე მეტი სტუდენტი ჩამოდის ინდოეთიდან, მათი რაოდენობა 6 ათას ადამიანს აღწევს.

აზერბაიჯანიდან საქართველოში სასწავლებლად 2,1 ათასზე მეტი სტუდენტი ჩამოვიდა, ერაყიდან – 759, რუსეთიდან – 306.

საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რიცხვი შემცირდა>>>

სწავლის შედარებით დაბალი საფასური, იაფი ცხოვრება, დიპლომის საერთაშორისო ბაზარზე აღიარება, საქართველოს მონაწილეობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) – ეს არის ძირითადი ასპექტები, რის გამოც უცხოელ სტუდენტებში საქართველოს უნივერსიტეტებისადმი ინტერესი იზრდება.

2006 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ბოლონიის შეთანხმებას. ქვეყანაში განათლების სისტემა ევროპულის შესაბამისი გახდა, იგი ითვალისწინებს სწავლას ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე. საქართველოში მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მიღება სტუდენტების სურვილზეა დამოკიდებული.

საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ ქართულ ენაზე. უცხოელებისთვის საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტებში გახსნილია რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული სექტორები სხვადასხვა მიმართულებებით – მედიცინა, ეკონომიკა, სამართალი, ბიზნესი, ფილოლოგია.

როგორც წესი, სამედიცინო განათლების მიღება სხვა ქვეყნებში გაცილებით ძვირია, ვიდრე საქართველოში. სწორედ ამიტომ ყოველ წელს აღნიშნული სფერო უცხოელ სტუდენტებს შორის ყველაზე პოპულარულია.

უცხოელ აბიტურიენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მხოლოდ სრული საშუალო განათლების ატესტატის წარმოდგენა სჭირდებათ. მათ არ მოეთხოვებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, სამაგიეროდ ისინი სრულად იხდიან სწავლის საფასურს. იმ შემთხვევაში, თუ მათ სახელმწიფო გრანტის მიღება სურთ, მათ საქართველოს სასკოლო განათლების პროგრამით ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მათ 100%-იანი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

საქართველოში სასწავლებლად ჩამოდიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, აშშ, კანადა, გერმანია, რუსეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ.

მთავარი თემები