თბილისი, 7 მარტი — Sputnik. 2019 წელს საქართველოს ხუთ რეგიონში გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ტყის ინვენტარიზაცია ჩატარდება, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტყეების ეროვნული აღრიცხვა მანამდე არასდროს ჩატარებულა.
„ქვეყანაში პირველად ინერგება ტყის ეროვნული აღრიცხვა (ინვენტარიზაცია) და ის საფუძვლად დაედება მონიტორინგის სისტემის შექმნას და ტყის შესახებ მონაცემების მუდმივ განახლებას. ტყის აღრიცხვის პირველი სამუშაოები კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დაიწყება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტყეებზე სერიოზულად იზრუნებს და მან ტყის კოდექსი პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ეს კოდექსი არეგულირებს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ტყეების კლასიფიკაციას, მათ გამოყენება-გაჩეხვას და ტყის მართვის სისტემის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.
ამ მიზნით ტყის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადების პროგრამის ინიცირება, რომელიც 16 ახალგაზრდას გადამზადებისა და ლაგოდეხსა და ახმეტაში არსებული ტყის მასივების ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
ტყის აღრიცხვის ფარგლებში ჩატარდება მრავალმიზნობრივი ინვენტარიზაცია, რომელიც ტყეების განვითარება-დეგრადაციის, მათი მრავალფეროვნების, კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შესახებ მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას იძლევა.
მოიჭრას თუ არა ტყე - საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აგვისტოში გადაწყვეტს >>
საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარის ტერიტორიას იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.