რამდენი YES და რამდენი NO? ანუ საგამოცდო ბილეთები საარჩევნო ყუთში?!

სასკოლო რეფორმის პოლიტიკური, საარჩევნო გათვლები... რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მოკლევადიან პერსპექტივაში?
Sputnik

სამსონ ხონელი

დამქანცველი სამუშაო კვირის შემდეგ დასვენება გადავწყვიტე. რაკი ჯიბეზე ღარიბულად ვიყავი, შინ დავრჩი და სამოგზაუროდ სოციალური ქსელი ვარჩიე, იაფია და თანაც მარტივი. რას არ წაიკითხავ, მოისმენ და ნახავ, მთავარია მოინდომო კაცმა... სხვისი არ ვიცი და ჩემი ყურადღება მიიქცია სკოლებში გამოცდების გაუქმებითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით გამოწვეულმა ვნებათაღელვამ. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან რა კავშირშია? − შესაძლოა, ჩამეძიოთ. ურთიერთკავშირს ვერც მე ვხედავ. არის მოსაზრება, რომ ერთ შემთხვევაში, ავად თუ კარგად, პირდაპირ იზომება ცოდნა, მეორე შემთხვევაში საზომი არის მორალი. წინამდებარე სტატიის მიზანი ორი საკითხის ურთიერთდამოკიდებულების დადგენა როდია. განვაგრძობ თხრობას, ორდღიანი მოგზაურობის შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. „ფეისბუქმენიუდან“ საგანმანათლებლო თემატიკით დავინტერესდი, თავად არაფერი დამიპოსტავს, სხვათა ნააზრევს ვეცნობოდი.

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება

„დებატები სასკოლო გამოცდების გაუქმების შესახებ უფრო ძირითადი პრობლემისგან თავის არიდების ტექნიკური მცდელობაა, ვიდრე საკითხის  არსობრივად განხილვა“, − წერს ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ექსპერტი განათლების საკითხებში დასძენს, რომ სკოლის გამოცდებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები უკავშირდება, რომელთაც სწორედაც რომ სხვადასხვა ინტერესები ექნებათ. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მიღებული გადაწყვეტილების წარმოჩენამ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების კონტექსტში...

მარინე ჩიტაშვილი: „პირველი − დავიწყოთ სკოლის მოსწავლეებიდან, სავსებით მესმის ყველა მოსწავლის, ეს სიხარული ჩემთვის მათი ჯანსაღი ფსიქიკის უდავო დადასტურებაა. გამოცდების გაუქმების ინიციატორებს გარანტირებულად ჰყავთ 60.000 მხარდამჭერი. ამას პლუს სულ მცირე ორი წევრი, აქ ბებია–ბაბუებს, პაპებს ვგულისხმობ, და ესეც საშუალოდ 180.000 YES;

მისაღები გამოცდები 2020 წლიდან ახლებურად ჩატარდება

მეორე − მასწავლებლები - თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებელთა კორპუსის უმრავლესობა არაკვალიფიციურია საკუთარი პროფილით საგნების სწავლებაში, რასაც მეტყველებს მასწვლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები, გამოცდების გაუქმება მათთვის სხვა არაფერია, თუ არა კვლავ ჩრდილში გაუჩინარების საშუალება და ეს მომგებიანია საკუთარი თავის გადასარჩენად. მხოლოდ საჯარო სკოლებში მასწავლებელთა კორპუსისიდან დაახლოებით 70 პროცენტი, ანუ 40.000 პედაგოგი კმაყოფილია. ამას პლუს ოჯახის სამი წევრი, რომლისთვისაც ამ მასწავლებლის ხელფასი, სავარაუდოდ, ერთადერთი შემოსავალია. ესეც საშუალოდ 160.000 YES;

მესამე − რეპეტიტორები. მათთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან ისინი ძირითადად უმაღლესის მსურველთა კონტინგენტზე მუშაობენ. თუ სკოლაში სწავლების დონე გაუარესდება, რადგან არაკვალიფიციური მასწავლებელი არა მხოლოდ პროექტისთვის, არამედ საკუთარი საგნის მინიმალურ კომპეტენციაზეც აღარ დახარჯავს დროსა და ენერგიას, ეს გაზრდის რეპეტიტორზე მოთხოვნას და ერთი წლის ნაცვლად ორი წელი გარანტირებულად ეყოლებათ ჯგუფები ერთი და იმავე კონტინგენტით. რამდენი რეპეტიტორია საქართველოში, უცნობია, მაგრამ 10.000 რომ ვიანგარიშოთ, ოჯახებიანად კიდევ 30.000 YES;

მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

მეოთხე − მშობლები. მათთვის შვებაა, რომ ერთი ხარჯი მოეხსნათ, საბუნებისმეტყველო საგნებისგან გათავისუფლდნენ. საბაზრო სპეციალობებზე მხოლოდ უნარების მომზადება დარჩება და ისიც თუ მაინცა და მაინც პრესტიჟულ უმაღლესში არ უნდათ, მაშინ შეიძლება არც პროცენტის დათვლის სწავლა გახდეს საჭირო. ასე რომ, კიდევ 120.000 მშობლის YES გარანტირებუბულია;

მეხუთე − უმაღლესი სკოლები. საქართველო უცნაური ქვეყანაა, სადაც მიწოდება უფრო დიდია, ვიდრე მოთხოვნა. მისაღებ გამოცდებზე მომავლში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გადაწყვეტილების მიხედვით საგნების არჩევა ავტომატურ რეჟიმში ავტომატურად ამოაგდებს უნარების ტესტზე მოთხოვნას და არასაბუნებისმეტყველო საგნების ხარჯზე ადგილების რაოდენობა, სრულად თუ არა, უფრო მეტად შეივსება, ვიდრე დღესაა. ეს არ ეხება უმაღლესი სასწავლებლების პირველ ათეულს, სადაც კონკურსია. მათი გამოკლებით რჩება 53 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. ვერ გეტყვით სულ რამდენ პროფესორსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს აერთიანებს ეს კონგლომერატი, მაგრამ პირობითად რეპეტიტორების რაოდენობას ავიღებ – 10.000 და მათი ოჯახები. ესეც 30.000 YES;

საზოგადოების გზავნილი ციფრებში, ანუ რას ფიქრობს ხალხი

მეექვსე − პოლიტიკა. ამასობაში კი გადავცდი ნახევარ მილიონს 2020 წლისთვის გარანტირებულად. რა უნდა ახლა ამის შეფუთვას საარჩევნოდ როგორც განათლების დემოკრატიზაციის, ხელმისაწვდომობის ზრდის ტერმინებში? ბევრი არაფერი. ერთი კარგი PR და „ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს“...

და, ბოლოს, მეშვიდე − ეს არის ის, რაც დარჩა ამ ტექნიკური ფანდის მიღმა – მასწავლებელთა მომზადება და კვალიფიკაცია, სკოლების ინფრასტრუქტურა, გამართული სასწავლო პროცესი და სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის კურსდამთავრებული: განათლებული და თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კრიტიკულად აზროვნებს და კლიშეებით არ მეტყველებს...“

კონკრეტული ციფრები შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ პათოსი ძნელია არ გაიზიარო. უცხო არ არის ჩვენში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური, მეტადრე, საარჩევნო გათვლების კონტექსტში. დასკვნის სახით ექსპერტი ბრძანებს, რომ როდესაც სახელმწიფოს არა აქვს ფული და სურვილი, რომ განათლება გახადოს პრიორიტეტი, რეალურად ის მიმართავს კოსმეტიკურ ქმედებებს, რომელიც არსობრივად არაფერს ცვლის. ბანალურია, მაგრამ ასეა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. 

თვლადი და უთვლადი სიკეთე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს კრედიტორს?

მრავალ გამოხმაურებათა შორის ერთი ვარჩიე, ფილოსოფოსის გახლავთ, თავის დროზე ის სხვებთან ერთად „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის სწორედ საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითად თეზისებზე მუშაობდა. მაშინ ბიძინა ივანიშვილის გუნდი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა...

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: „ეჭვი მაქვს, მავანთა საგანმანათლებლო ფანტაზიები ვიღაცამ 2020-ში ნახევარ მილიონს გადაცდენის შანსად გაიაზრა და მისი ფიქრი ამაზე შორს არც წასულა. კიდევ ერთხელ ჩამოაწერეს ვალები. იმის გამოცდილება კი გვაქვს, რომ თუ რეფორმა პოპულისტური ნაბიჯებით იწყება, როგორც წესი, მის მიღმა კონცეპტუალური სიღატაკე იმალება. ეს კი ნიშნავს – ცუდი, მაგრამ ასე თუ ისე მომუშავე სისტემის ნაცვლად ქაოსს მივიღებთ. რამდენი წელია თვალს ვადევნებ, რაც ამ სფეროში ხდება და არ მახსოვს, ვინმეს საკითხი ასე დაესვას: როგორ გავაღვიძოთ განათლების მიღებისა და განათლების გაცემის ნება. თუ ის გაიღვიძებს, შესაბამისი ადმინისტრირების ფორმების შემუშავება უკვე ტექნიკის საქმეა. მის გარეშე კი ნებისმიერი სტრუქტურისა თუ ფორმის შემოღება თუ გადმოღება სხვა არაფერი იქნება, გარდა ფუჭი ძალისხმევისა. თუ ადამიანს განათლების მიღების ნება არა აქვს, თუ სოციალური გარემო მას არ არწმუნებს ამ საქმის საზრისიანობაში, განათლებას ისევ სოციალური ნიღბის მოპოვების მნიშვნელობა შერჩება. სახელმწიფოს თუ რამე შეუძლია, ამ ნების გაღვიძებაზე ზრუნვაა. რამდენი დეპუტატი ან მინისტრი იცით ისეთი, ეს ანბანური რამ რომ ესმოდეს?..“ 

ორიოდე სიტყვას თავადაც მოგახსენებთ. მოტივაცია დაიკარგა ჩვენ დროში, სახელმწიფომ ამ ეტაპზე სწორედ მოტივაცია უნდა შექმნას. პირველ რიგში უშუალოდ სისტემის შიგნით უნდა აღიზარდონ ლიდერები. განათლება ორიენტირებული უნდა გახდეს მოსწავლესა და მასწავლებელზე და არა ადმინისტრაციასა და განათლების მოხელეთა კლასზე. მანამდე კი უნდა ჩამოვყალიბდეთ – რა გვინდა? ფაქტი ჯიუტია, მალე სამი ათეული წელი შესრულდება, რაც დამოუკიდებელი საქართველოს განათლების სისტემას ვაშენებთ. საკამათო არ არის, განათლება იყო და არის ყოველი ხელისუფლების პრიორიტეტი, უსასრულოა სისტემის რეფორმის პროცესიც. შედეგი არ არის, სასკოლო განათლების ხარისხი კრიტიკას უბრალოდ  ვერ უძლებს და, დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ გამოცდების შინაარსისა თუ ფორმატის ბრალი არ არის. სად არის პრობლემა? − შესაძლოა მკითხოთ და გეტყვით, არ გვაქვს მკაფიო პასუხები კითხვებზე − ვინ ასწავლოს, რა ასწავლოს, როგორ ასწავლოს და რატომ ასწავლოს? თუ პატივცემული მკითხველი მიმითითებს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ჩამოთვლილ კითხვებს პასუხობს და გაწერილია ის სტანდარტებიც, რომელთაც სასწავლო დისციპლინის გავლის შემდეგ მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს, მორჩილად დავეთანხმები, თუმცა ერთს უთუოდ დავძენ: ეს სქელტანიანი დოკუმენტი ერთი პოლიტიკური გუნდის შემოქმედების ნაყოფია და ისიც ვიწრო ჯგუფის. სახელმწიფოს პოლიტიკა განათლების სფეროში ფართო კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს და თანაც გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. ახლა ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონსენსუსზე. ამ შემთხვევაში, როგორც მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, მმართველი პოლიტიკური გუნდის შიგნით არის კომუნიკაციის პრობლემა. თავად განსაჯეთ, სასკოლო განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაგვაცნო და განმარტა დეტალები. რამდენიმე საათში კი დარგობრივი საპარლამენტო კომიტეტის პირველი პირის მარიამ ჯაშის კომენტარი მოვისმინეთ. შევიტყვეთ, რომ კონკრეტული ნიუანსები მისთვის უცნობი იყო, გამართლებულად მიაჩნია ე.წ. CAT-ის გამოცდების მიმდინარე წელს გაუქმება როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასელებისთვის. ლოგიკურია კითხვა – რა უშლიდა ხელს ერთი „ბედკრული“ გუნდის შვილების მოსაზრებათა წინასწარ შეჯერებას?  

და, ბოლოს, ჩვენში განათლება არის მხოლოდ ბიზნესი, ხშირად პოლიტიკურიც, ის არ არის ღირებულება. განათლება რომ ღირებულებად იქცეს, ამას დროსთან ერთად სჭირდება ნება. ვერაფრით გავაცნობიერეთ, რომ ყველა პრობლემა უმეცრებისგან მოდის, უმეცრება კი არის იქ, სადაც არ არის ცოდნა.    

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!