2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება

გამოწერა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი მხოლოდ სამი სავალდებულო საგანი რჩება.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, მიმდინარე სასწავლო წელს კი გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებაზე დაყრდნობით.

„უსაფრთხო სკოლა“ – მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი შეიქმნა>>>

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„პირველი გამოწვევა არის ის, რომ გაზრდილია გამოცდების რაოდენობა და, ფაქტობრივად, იმ შედეგზე, რაც გვინდა რომ გვქონდეს, ამ გაზრდილი გამოცდების რაოდენობას ვერ გავყავართ. გამოვლინდა, რომ გამოცდების ამ რაოდენობის გამო მთელი სასწავლო პროცესი გადაერთო გამოცდების მომზადებაზე. სკოლის როლი თანდათან დაკნინდა", – განაცხადა სოფო გორგოძემ.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასებისთვის, მე-12 კლასში კი შენარჩუნდება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც შარშან ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე, მათთვის გამოცდების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წელს მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები გაუქმდება და სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, აქ მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ აბიტურიენტებს სამი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ. 2020 წელს ყველასთვის სავალდებულო იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. თუ აბიტურიენტი ტექნიკურ მიმართულებას აირჩევს, იგი მესამე სავალდებულო გამოცდას მატემატიკაში ჩააბარებს, ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში – ისტორიას.

უნივერსიტეტებს ასევე ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

აქამდე მოქმედი წესებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები (CAT) ორ ეტაპად მე-11 და მე-12 კლასებში ტარდებოდა. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს გამოცდას ოთხ საგანში აბარებდნენ: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია. კიდევ ოთხ საგანში კი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) ტესტირებას მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ გადიოდნენ.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა ტარდება. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში. 

განათლების მინისტრი საზოგადოებას განათლების სისტემაში რეფორმის დაგეგმილი ეტაპებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გააცნობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0