თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის განვითარების მიზნით სოფელ კობის და თრუსოს ხეობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.
საქართველოში ყველაზე გრძელი საბაგირო გაიხსნა >>
გამოსვლისას მინისტრმა ახსენა სოფელ კობისა და კურორტ გუდაურის დამაკავშირებელი ყველაზე გრძელი საბაგიროს გახსნა და აღნიშნა, რომ ამ საბაგიროთი ადგილობრივი მოსახლეობა ზვავსაშიშროებისა ან დიდთოვლობის დროს უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს.
„კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, კობი, როგორც ჯერ კიდევ აუთვისებელი ახალი მთის კურორტი ხდება ახალი მოზიდულობის წერტილი - ცენტრი, სადაც არის შესაძლებელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ ეს არის დაახლოებით 1800 ახალი საწოლიანი ადგილი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა განმარტა, რომ კურორტ გუდაურის პოტენციალის შეფასების შემდეგ გაირკვა, რომ კურორტი თავისი ლანდშაფტიდან და უკვე არსებული განაშენიანებიდან გამომდინარე სრულად ვერ უზრუნველყოფს გაზრდილ მოთხოვნებს. ამიტომ მიღებულია დამატებითი ტერიტორიების შესწავლის გადაწყვეტილება, აღნიშნა მან.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2019 წელს კობში აპირებს საზოგადოებრივი პარკინგის მოწყობას იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარი ავტომობილების დატოვება და გუდაურში გზის გაგრძელება საბაგიროთი შეძლონ. უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ გზით გადაიჭრება ავტომობილების საცობების პრობლემა, რომელიც საკურორტო სეზონზე ძალიან აქტუალური ხდება.
ცქიტიშვილმა ასევე თრუსოს ხეობის დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. დაგეგმილია მცირე ცენტრის მოწყობა ვიზიტორებისთვის, ხეობისკენ გზის გაყვანა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით. თრუსოს ხეობის განვითარება დაცული ტერიტორიების სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, აღნიშნა მინისტრმა.
„ყაზბეგს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს, ასე რომ ახალი ლოკაციების შექმნა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უშუალოდ კობში და მიმდებარე დასახლებებში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ბიზნესი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ თბილისში სამშაბათს დაიწყო და 30 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.