იყო თუ არა შეთანხმება მობილურ ოპერატორებს შორის

როდესაც ბაზარზე არსებული ორი ყველაზე მსხვილი კომპანია სინქრონულად ზრდის ტარიფს, ყოველთვის ჩნდება კითხვა შეთანხმების შესახებ, მიიჩნევს რეგულატორის ხელმძღვანელი.
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სწავლობს ორი უმსხვილესი მობილური ოპერატორის გადაწყვეტილებას ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, განუცხადა პირველ არხს კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

Magticom-მა და Silknet-მა იანვარში ერთდროულად შეატყობინეს აბონენტებს თებერვლიდან მომსახურებათა პაკეტებზე ტარიფების ზრდის შესახებ, მიზეზად კი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ხარჯების ანაზღაურება დაასახელეს.

რუსული ოპერატორი „ბილაინი" ქართულ ბაზარს ტოვებს >>

„ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ საცალო ტარიფი, და თუ ისინი მოლაპარაკებებზე არ დათანხმდებიან, ჩვენ ჩავერევით“, – განაცხადა ბექაურმა.

მან აღნიშნა, რომ ტარიფების გაზრდის საფუძველი არ არსებობს, და თუ კომპანიებს ტარიფების გაზრდა სურთ, მათ თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა დაასაბუთონ.

მსხვილი გარიგება – ხელისუფლება მიესალმება Silknet-ისა და Geocell-ის გაერთიანებას

„ჩემი ყველა მონაცემით, საცალო ბაზარზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, მაგრამ თუ ასეთი რამ არის, ანუ ჩვენ არ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია და დამატებით არის საჭირო ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი რაღაცას ასაბუთებენ, კი ბატონო, ამისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც დასაბუთებებს მოვისმენთ, თუ რატომ ახდენენ საცალო ფასების ზრდას“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, თუ კომპანიები კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან, ის უკიდურეს ზომებს მიმართავს.

„კვლევის დამთავრებისთანავე მოხდება საცალო ბაზრის რეგულირება. საცალო ბაზრის რეგულირება ნიშნავს, რომ შესაბამის მომსახურებებზე ზედა ზღვრული ტარიფები დადგინდება“, – განაცხადა ბექაურმა.

ხოლო თუ ოპერატორები მაინც გაზრდიან ტარიფებს, ბაზრის შესწავლის შემდეგ რეგულატორი ყველაფერს კანონის ფარგლებში დააბრუნებს.

„კავკასუს ონლაინმა“ „მაგთის“ სასარგებლოდ „ბილაინზე“ უარი თქვა >>

მან აღნიშნა, რომ ოპერატორების გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების ნიშნები აქვს.

ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონები საქართველოში

„დადასტურებულად ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ როდესაც ბაზარზე არსებული ორი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომლებიც ბაზრის თითქმის 80%-ს ფლობენ, ერთდროულად აცხადებს, რომ საცალო ტარიფების გაძვირება უნდა მოახდინოს, ცხადია, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, ხომ არ არის შეთანხმებული ქმედება“, – განაცხადა ბექაურმა.

დღეისათვის საქართველოში მობილური კავშირის სამი ბრენდი მოქმედებს – „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“. ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბილაინმა“ ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თავად კომპანიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მობილურ ოპერატორებს შორის ბაზრის ლიდერია კომპანია Magticom. მეორე ადგილს იკავებს კომპანია Silknet, რომელმაც 2018 წელს Telia Company და Turkcel-სგან სიდიდით მეორე ბრენდი „ჯეოსელი“ შეიძინა.