რუსული ოპერატორი „ბილაინი" ქართულ ბაზარს ტოვებს

© photo: Sputnik Beeline-ის ოფისი
 Beeline-ის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ „ბილაინი" საქართველოს თავიდანვე განიხილავდა როგორც საექსპერიმენტო ბაზარს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. რუსულმა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა „ბილაინმა" ქართული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

„ბილაინი" ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, საქართველოში „ბილაინი" კომპანია „ვიონ საქართველოს" წარმოადგენდა.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
„ჯეოსელისა" და „მაგთის" მომსახურების ტარიფები ძვირდება

„კომპანია „ბილაინს" არ ჰქონდა 4G სიხშირე და ამ ორ კომპანიას („მაგთის“ და „ჯეოსელს“) კონკურენციას ვერ უწევდა, მაგრამ კომისიის ახალმა შემადგენლობამ მათ 800-იანი სიხშირე მივეცით და მეოთხე თაობის განვითარება შეძლეს. მიუხედავად ამისა, მათ საქართველო მაინც გარკვეულ საექსპერიმენტო ბაზრად ჰქონდათ და, პრინციპში, „ბილაინსაც" გადაწყვეტილი აქვს ბაზრიდან გასვლა", – განაცხადა ბექაურმა.

მისი სიტყვებით, რამდენადაც „ბილაინი" ბიზნესს ჰყიდის, შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში მისი მხრიდანაც არ ხდებოდა კომპანიის განვითარება, რათა კონკურენციაში სერიოზულად ჩართულიყო.

კომპანიაში „ვიონი საქართველო" (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი") მარეგულირებლის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, მობილური ოპერატორის წარმომადგენელმა „Sputnik–საქართველოსთან" განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

„ბილაინი" საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის მესამე ადგილს იკავებს. მას დაახლოებით 877,7 ათასი აბონენტი ჰყავს. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა 5,3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0