ცილისწამება საქართველოში – დავსაჯოთ თუ არ დავსაჯოთ?

ემუქრება თუ არა გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე
Sputnik

ცილისწამება და ცუდსიტყვაობა საქართველოში იმდენად აქტუალური პრობლემა გახდა, რომ პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში, პრეზიდენტი მიმართვაში, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო კუთხით გამოეხმაურნენ.

აქ ჩამოთვლილ პირთაგან ყველაზე დიდი ავტორიტეტი, რომელიც მოსახლეობას დააფიქრებს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აქვს. სწორედ მისმა მიმართვამ შეიძლება დააფიქროს ან ცოტა მაინც შეაშფოთოს მორწმუნეობაზე მღაღადებელი ადამიანები, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ადამიანის შეურაცხყოფა ზოგჯერ მომაკვდინებელია იმ ადამიანისთვის, ვისზეც ეს ინფორმაცია ვრცელდება და ძალიან დიდი ცოდვაა გამავრცელებლისთვის, რომელიც ხან დავალებით, ხან პოლიტიკური ფიგურის ჩასაძირად, ხან კიდევ უბრალოდ სხვისი ფეხის ხმას აყოლილი ავრცელებს ადამიანებზე ჭორებს. ეს ჰობი აქტუალურია მით უფრო, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილს, უმუშევრობის გამო, დიდი დრო აქვს სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში საკუთარი პოზიციის გამოსახატად.

პატრიარქი: არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი

სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის მშვენიერი მონაპოვარია, მაგრამ თუ მას აღზრდა და განათლება არ სდევს თან, სიშიშვლის თავისუფლებას ემსგავსება. ნუდიზმი კი საქართველოში ცხოვრების მაინც და მაინც მიღებული ფორმა არაა.

და, მაინც, როგორია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, საკანონმდებლო რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და საჭიროა თუ არა კანონმდებლობის გამკაცრება?

უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე და, განსაკუთრებით, ინტერნეტ-სივრცეში „ფეიკნიუსების" შესახებ ეუთოს გამოხატვის თავისუფლების კომისართან წინა პარლამენტის დროსაც იყო საუბრები და კონსულტაციები, მაგრამ მაშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ჯობს საერთოდ არ იყოს დარეგულირებული ეს სფერო, ვიდრე იყოს ისე, რომ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. სხვათა შორის, ინტერნეტ-სივრცესა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ტექნიკას მშვენივრად იყენებენ პოლიტიკოსები ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის და თუ არა რელიგიურ-მორალური შეგონება, მათაც შესანიშნავად ესმით, რომ ეს კარგი იარაღია იმ ადამიანების ხელში, ვისაც ინფორმაციის გავრცელების მეტი რესურსი აქვს. ვნახოთ, მისცემს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკუთარ პოზიციას საკანონმდებლო სახეს, თუმცა წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ამას ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვება.

საქართველოში ცილისწამება, შესაძლოა, კანონის დონეზე დასჯადი გახდეს

მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყო 2004 წლამდე, ანუ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებამდე. თუმცა არც ამ კანონის მიღების შემდეგ დარჩენილა ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაუსჯელი.

საქმე ისაა, რომ ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსისა, მოხდა ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების დეკრიმინალიზაცია და ამ დანაშაულმა სამოქალაქო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლებში გადაინაცვლა, როგორც „პატივისა და ღირსების შელახვამ“ და მასზე ფინანსური სანქციები დაწესდა.

მართალია, ფინანსური სანქციების ზედა და ქვედა ზღვარი კანონს არ განუსაზღვრავს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ დღემდე არსებული პრეცედენტებით, ყველაზე მაღალი ჯარიმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა გადაიხადა ყოფილი მინისტრის ვალერი ასათიანის საქმეზე – მაშინ სასამართლომ ტელეკომპანია და ჟურნალისტი 50 ათასი ლარით დააჯარიმა. თუმცა საქმეების უმრავლესობა, როგორც წესი, მასმედიის წარმომადგენელთა გამარჯვებით სრულდება, რადგან კანონმდებელმა საკმაოდ რთული ბარიერი დაუწესა მომჩივანს – ჯერ ერთი, უნდა დაამტკიცო, რომ თანამდებობის პირზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, შემდეგ კი ისიც უნდა დაამტკიცო, რომ ეს შეგნებულად და წინასწარი განზრახვით გაკეთდა. დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, სადაც მტკიცების ტვირთი ჟურნალისტის მხარეზეა, ჩვენთან მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკუთვნის.

სალომე ზურაბიშვილი: შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში

სასამართლო პროცესი, რომელიც ადვოკატისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთანაა დაკავშირებული (სადავო თანხის 3 პროცენტი), იმითაც გამოირჩევა, რომ დიდხანს გრძელდება და მოსარჩელეც დროს კარგავს და მასმედიის წარმომადგენლებიც საკმაოდ ზარალდებიან. შედარებით იოლი და სწრაფია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ საქმის განხილვა. აქ არც ფინანსური სანქციებია და არც პროფესიული სასამართლო, საჩივარს ჟურნალისტების მიერ არჩეული 9-კაციანი საბჭო განიხილავს, მაგრამ მორალურად პატივისა და სახელის შებღალვისას ესაა სწრაფი და იაფი საშუალება, დაამტკიცო საკუთარი პოზიციის სისწორე.

ცილისწამების შესახებ მუხლის აღდგენა სისხლის სამართლის კოდექსში, ალბათ, დიდად ვერაფრით გამოასწორებს ქართულ სოციალურ ქსელსა და მასმედიაში არსებულ მძიმე მორალურ მდგომარეობას. 21-ე საუკუნეში გამოხატვის თუნდაც მიუღებელი ფორმების გამო ადამიანის დაჭერა ქართულ დემოკრატიას სახელს ვერ შემატებს და არც საერთაშორისო საზოგადოების აღფრთოვანებას გამოიწვევს. რეალურად ჟურნალისტები დღეს აღარ არიან ინფორმაციის ექსკლუზიური გამავრცელებლები და ნებისმიერ ფეისბუქ-მომხმარებელს შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია და პრაქტიკულად ერთ დღეში დაუნგრიოს ადამიანს ცხოვრება და საქმიანი რეპუტაცია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი იმავე სამოქალაქო კოდექსში მტკიცების ტვირთის ინფორმაციის გამავრცელებელზე გადატანა, ალბათ, გაცილებით მეტად დააფიქრებს ცილისმწამებელს, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსში მისი აღდგენა.

ავკრძალოთ თუ არ ავკრძალოთ – შემოიღებს თუ არა ბესელია-გოგიჩაიშვილის კანონპროექტი ცენზურას

მასმედიის წარმომადგენელთა ნაწილი, განსაკუთრებით ხელისუფლების მომხრე მასმედიისა, სიახლეს პოზიტიურად ხვდება. მაგალითად, გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ბევრ ადამიანს აგებინებს პასუხს.

საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და პარალელი გაავლო ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანმა და „ფორბსის“ წარმომადგენელმა გიორგი ისაკაძემ. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოში არის ასეთი სენატორი ანდრეი კლიშასი. ის საბჭოში კრასნოიარსკის მხარეს წარმოადგენს და საზოგადოებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლების მიმართ ცილისწამების, უცენზურო გამონათქვამების გამო კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ჰოდა, „ფორბსის“ ქართული გამოცემის რედაქტორის თქმით, ქართველმა კანონმდებლებმა კარგად უნდა გაითვალისწინონ კლიშასის მაგალითი, რომელსაც კანონის მიღებაზე რუსეთში ჯერ კავშირგაბმულობის სამინისტრომ, მერე კი გენპროკურატურამ უთხრა უარი.

სკანდალი ხაშურში - მუნიციპალიტეტის მერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ასევე ანალიტიკოსი გია აბაშიძე. როგორც მან განაცხადა, ცილისწამება და „ფეიკნიუსები“ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. თუმცა, კონკრეტულად ხელისუფლების ინიციატივის შეფასება, ანალიტიკოსის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც უმრავლესობა ჩამოყალიბდება – რა სახის კანონპროექტის შეტანას აპირებს პარლამენტში და ემუქრება თუ არა გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე. 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!