დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონი მოქალაქეებს არ უტოვებს არჩევანს – სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობის მიღება.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, ორგანიზაცია სასამართლოს საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს – ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ხელისუფლების ვარაუდით, ეს სისტემა პენსიონერებს მისცემს ხვალინდელი დღის რწმენას და უზრუნველყოფს ღირსეულ და მდიდარ სიბერეს.

შევიტანოთ თუ არ შევიტანოთ? - საკითხავი აი ეს არის...

ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იმავე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო – 2%-ს, თუ ბენეფიციარის ნომინალური წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს და 1%-ს, თუ შემოსავალი აღემატება ამ თანხას, თუმცა 60 ათას ლარს არ აჭარბებს.

GDI „დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (საკუთრების უფლება) და მე-11 (თანასწორობის უფლება) მუხლებთან მიმართებით.

ორგანიზაცია სადავოდ ხდის კანონის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულოა და რომელიც მოქალაქეებს არ უტოვებს არჩევანს – სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობის მიღება.

ახალ საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას. მათივე აზრით, დამსაქმებლისთვის ეს სისტემა საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.

„ბიუჯეტიდან დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში სახსრების მიმართვა კი არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს", – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კანონმდებელი მოქალაქეებს აიძულებს დანაზოგის შექმნას და ამას მათ კეთილდღეობაზე ზრუნვისა და სიბერის უზრუნველყოფის მოტივით ამართლებს.

„თუმცა, სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად არ უნდა წყვეტდეს – როგორ განკარგონ საკუთარი ქონება", – ნათქვამია განცხადებაში.

GDI ასევე მიიჩნევს, რომ დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ ხელფასის 2%-ის საპენსიო ფონდში გადარიცხვის ვალდებულება მისთვის დამატებითი ახალი გადასახადის ბუნების მატარებელია და დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთს 2%-ით ზრდის.

საქართველოში მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა დაასახელეს

„დამსაქმებელი ვერასდროს დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას, რაც სხვა არაფერია, თუ არა მისთვის ქონების ჩამორთმევა, კონსტიტუციით დადგენილი საფუძვლების საწინააღმდეგოდ", – ნათქვამია განცხადებაში.

სარჩელის ავტორები ასევე ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2%-იანი და 1%-იანი შენატანების ამ ფორმით განხორციელება ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. ამას გარდა, პენსიაზე გასვლისას ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიანმა მოსახლეობამ (სოციალურად დაუცველებმა) შესაძლოა ვერ მიიღოს სათანადო პენსია, მაშინ, როდესაც უფრო მაღალშემოსავლიანებს გაცილებით დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხა გადაუნაწილდებათ.